რეგიონში პირველად, თსუ-ის ორმა პროგრამამ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიიღო. საერთაშორისო აკრედიტაციის საფუძველზე თსუ-ის კურსდამთავრებულები იღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
დიპლომები საერთაშორისო აღიარებისაა არა მხოლოდ მომავალი კურდმთავრებულებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ბოლო წლებში დაამთავრა აღნიშნული პროგრამები. საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები.
„პირველად საქართველოს ისტორიაში თსუ-ის ორ პროგრამას აქვს ამერიკული აკრედიტაცია STEM მიმართულებით. ჩვენ ვიცით, რომ ამით არ სრულდება ეს პროცესი. ეს მოვლენა საქართველოს განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ პროგრამების მეშვეობით მოხდება პროფესიონალი კადრების მომზადება“,- აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ქეთრინ შვაიცერმა.
ABET აკრედიტაციის მიღებაში გაწეული წვლილისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს თსუ-ის პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ თსუ არის პირველი უნივერსიტეტი ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ისტორიაში, რომელმაც პირველივე ჯერზე მიიღო ამერიკული აკრედიტაცია ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში. თსუ-ის საბაკალავრო პროგრამა ქიმიაში პირველია საქართველოში, რომელმაც ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) სერტიფიცირება მიიღო. საქართველო 24-ე ქვეყანაა, სადაც ACS-ის წარმომადგენლობა გაიხსნა.