იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თეონა ჭანტურია “ქართული კვირის” მკითხველს საკუთარ ჩანახატს უზიარებს. როგორია ემიგრანტის მონატრება, რომელიც არასდროს ნელდება.
“არც კი იცი როგორ მენატრები, ჩემო საქართველო… შენი ცა მენატრება, შენი მიწა, შენი მთები და ზვრები, ჩემი სოფელი მენატრება, სადაც გავიზარდე, ყანები მენატრება – უხეში ჩალის ღერო რომ აღმართულა მოსხმული სიმინდებით და მშრომელ გლეხს ელოდება, რომ შეატეხოს ტარო, ჩაჭრას ,ჩენგელებად დადგას, მერე მოკონოს და დიდ ზვირთად აღმართოს კაცის მძლავრმა მარჯვენამ…
რთველი მენატრება, ვაზის კვლებშიან ტალავერებზე რომ დაივლიდა გოდრები ყურძნით გაივსება, მერე დაიწურება, ბადაგს რომ დააგემოვნებ და სიამოვნების ჟრუანტელი დაგივლის ხოლმე, წისქვილი მენატრება, ქუჩის ბოლოში წყლის ჭავლი რომ ატრიალებს ბორბალს და ფქვავს და ფქვავს წისქვილი საფქვავს და ახარებს კაცის გულს…
ჩემი ეზოს გვერდით ჩამავალ გრძელ შუკაში სირბილი მენატრება, აქეთ იქედან თხილის ხეები რომ აქვს ჩამწკრივებული მამაჩემისა და ვალოდიას ეზოებისა… ჩემი სოფლის მოძღვრის კეთილი და თბილი დალოცვა მენატრება, ღიმილიანი და მადლიანი მოკითხვა მენატრება მისი და მისი საყვარელი ფოფოდიასი…
ჩემი დედა მენატრება სანთელივით წმიდა გულისა და მამის სევდისფერ საფლავის ქვაზე მოფერება მენატრება… ჩემი დაიკოების მზრუნველი მზერა მენატრება, სამყაროს ფასი რომ ედო მაშინ ჩემთვის…
ღმერთო, ჯერ სადა ვარ, იმდენი რამე მომენატრება… ჩემი სახლი მენატრება, სადაც ოცი წელი ვიცხოვრე შვილებთან ერთად, მისი ძველი დაბზარული კედლები, რომელიც ახლა უკვე ულამაზესადაა შეღებილი და გაკეთებული, ჩემი ერთგული ძაღლი ლუსი მენატრება, ჩემი სამსახურის გზა მენატრება, გაწეწილი ელენესთან ერთად რომ გავდიოდი, მისი სკოლა გზად იყო, დილით ვუყიდდი სკოლის წინ საცხობში ფუნთუშას და ისე ჩაუშვებდი ხოლმე სკოლის ეზოში კმაყოფილი მზერით… სამსახურში ჩემი უსაყვარლესი მეგობრები მენატრებიან, საყვარელი მმართველი და პატარები მენატრებიან ,ჩემი უბანი მენატრება უზომოდ და უკიდეგანოდ …
ღმერთო, რამდენ მონატრებას უნდა გავუძლო ნეტავი? სადაც ქართულს დავინახავ ყველაფერი ეს თვალწინ გადამეშლება, ავიმღვრევი, ავიშლები სრულიად სხვა თეონად გარდავისახებიხოლმე… დროშამ გადამრია დღეს, ქართულმა დროშამ, ქართული ურმის ხილვამ სიამე ჩამიღვენთა სულში…
დღეს სულ ოცი წუთით ვიყავი ბედნიერი სულ ოცი წუთით მოვიარე ქართული ყოველივე და გავცოცხლდი, გავცევხლდი… თანაც ბედნიერებისაგან მეცხრე ცა დავინახე. თუ როგორი ყოფილა” – წერს ემიგრანტი