პოეტისა და ფოლკლორისტის ვახუშტი კოტეტიშვილის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი გამოცხადდა.
„კონკურსი სამ ნომინაციაში ჩატარდება: პოეზია, მხატვრული პროზა, არამხატვრული ტექსტი (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა) და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20-დან 35 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს. თითოეულ მონაწილეს საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ ორ ნომინაციაში. საკონკურსოდ წარდგენილი თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით.
საკონკურსო განაცხადის მიღება მოხდება ელექტრონულად, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები 2020 წლის 10 დეკემბერს გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს ფულადი პრემია გადაეცემათ. კონკურსის ფარგლებში გამოიცემა საუკეთესო თარგმანების კრებული.“ – ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
ვახუშტი კოტეტიშვილი ირანისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი და ფოლკლორისტი, ასევე მრავალი მონოგრაფიის ავტორია.
ცხოვრების დიდი ნაწილი კოტეტიშვილმა ქართული ფოლკლორის განუმეორებელი ნიმუშების შეგროვებას მიუძღვნა. 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ კოტეტიშვილი ირანული პოეზიის ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელად დაასახელა და სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა.