საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინფორმაციით, თბილისში, 25-30 სექტემბერს საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ გაიმართება.
საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წელს მესამედ ჩატარდება, თუმცა წელს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ღონისძიებაში მხოლოდ ქართველი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის ფარგლებში 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის გაიმართება 4 სრულმეტრაჟიანი და 21 მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების ჩვენება ეროვნული სასახლის, ეროვნული მუზეუმისა და მზიურის განახლებული პარკის ტერიტორიაზე. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ასევე მასტერკლასებს, ლექციებსა და დისკუსიებს.
„ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. საფესტივალო სივრცეები ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით, ღია ცის ქვეშ იმართება. სავალდებულოა იქონიოთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია“, – ნათქვამია ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის „კინოკლუბი ორბელიანზე“ განცხადებაში.
პროექტის მხარდამჭერები: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.