“იქაც ვითამაშებ… დიახაც, ვითამაშებ!“ – ქუთაისში, ნოტარიუსის ოჯახში დაბადებული უდიდესი არტისტის ისტორია

ძალიან ახალგაზრდა იყო ვერიკო, როდესაც მის ცხოვრებაში ასეთი ფაქტი მოხდა: თეატრი გასტროლზე იყო აბასთუმანში. ვერიკოსთან ერთად ოთახში ახალგაზრდა ქალი ცხოვრობდა. ქვეყნის ხელისუფალმა მას თვალი დაადგა და უთხრა, რომ იმ ღამეს გააბედნიერებდა – მასთან მოვიდოდა. ახალგაზრდა ქალმა ვერიკოს სთხოვა, ღამით მარტო დაეტოვებინა. ვერიკო შეჰპირდა, რომ ასე მოიქცეოდა, მაგრამ… საწოლის ქვეშ დაიმალა! ხელისუფალი მოვიდა და როდესაც სასიყვარულო თამაშმა კულმინაციას მიაღწია, ვერიკოს გაეცინა,- ხელისუფალმა იგი საწოლის ქვეშიდან გამოათრია.

მას შემდეგ მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის ოჯახში პატარა ფუთამ დაიდო ბინა. მაშინ ასეთი ფუთები თითქმის ყველა ოჯახში იყო – დღისით ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ: წერდნენ ლექსებს, მუსიკას, ხატავდნენ… ღამით კი შიშით ელოდებოდნენ კარზე ფრთხილ კაკუნს, მაშინ ამას ძალიან „ზრდილობიანად“ აკეთებდნენ – ადამიანები სახლიდან ჩუმად მიჰყავდათ და სამუდამოდ აქრობდნენ.
„მე არ მაშინია – თავს არწმუნებდა ვერიკო – ამბობენ, რომ ნორმალურ ბანაკებში საკუთარი თეატრებიც აქვთ, ჰოდა, იქაც ვითამაშებ… დიახაც, ვითამაშებ!“
ერთ მშვენიერ დღეს მათ სახლთან მანქანა გაჩერდა. კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და „თუ შეიძლება, კარი გააღეთ“ – მოისმა უცნობი ხმა. სახლში საოცარმა სიჩუმემ დაისადგურა. „მიშა, გააღე“ – უთხრა ვერიკომ მიშას და ფუთაში გრიმის კოლოფი ჩადო. კარი გაიღო და ზღურბლზე სტალინი გამოჩნდა, შემდეგ – ლენინი… ვერიკოს ისტერიკა დაემართა. „თქვე მათხოვრებო! მათხოვრებო!“ – ყვიროდა მიშა. „ჩვენ მხოლოდ გრიმის ჩვენება გვინდოდა, ბატონო მიშა, გრიმის ჩვენება“ – თავს იმართლებდნენ მსახიობები: მიშა გოგოლაძე და მიუფკე (თავის დროზე გრიბოედოვის თეატრის მსახიობი), რომელიც ლენინს თამაშობდა. სწორედ მაშინ მიხეილ ჭიაურელი „დიად განთიადზე“ მუშაობდა და მსახიობებს ეძებდა. ცხადია, ყველაზე მთავარი იყო სტალინისა და ლენინის როლებს ვინ ითამაშებდა.

მიხეილ ჭიაურელი შეყვარებული იყო სტალინზე და სტალინსაც უყვარდა მიშა (ჭიაურელებისპირად არქივში ინახება სტალინის მიერ მიხეილ ჭიაურელისათვის ნაჩუქარი წიგნი წარწერით „ჩემს მეგობარს ჭიაურელს სოსოსაგან“). ვერიკოც მხოლოდ იმიტომ გადაურჩა გადასახლებას, რომ იმ დროს „მიშა უკვე პირადად იცნობდა სტალინს და მაინც შეეშინდა ბერიას, – ვერ გარისკა, თორემ რაც დედამ გააკეთა, იქვე რატომ არ დახვრიტა, გასაკვირია… თეატრი უკან ბრუნდებოდა გასტროლიდან, როცა დედა მატარებლიდან ჩამოსვეს მცხეთაში და იმ წუთასვე შეატყობინეს მამას, რომელიც მაშინ მოსკოვში იყო. მიშა, ცხადია, საქმეში ჩაერია და… დიდი ხნის შემდეგ მამა სტალინს შეეკითხა „თქვენ ხომ არ გითამაშიათ როლი ჩემი ოჯახის გადარჩენაშიო?“ სტალინს ჩაეცინა, რაც, თავისთავად, დასტურის ნიშანი იყო“ – გაიხსენა წლების წინათ ჩემთან საუბრისას(მიხეილ ჭიაურელზე საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს ჩაწერის დროს) ქალბატონმა სოფიკო ჭიაურელმა.
****
ელს განუმეორებელი ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან (23. 09.1900 ძველი სტილით) საიუბილეო თარიღი შესრულდა – 120 წელი!
ქუთაისში, ნოტარიუსის ოჯახში დაბადებული გოგონა უდიდესი არტისტი გახდა. 
„ვერიკო ანჯაფარიძის ხელოვნება დიდებულია და სადა, როგორც გაცოცხლებული ქართული ფრესკა“ – წერდა გიორგი ტოვსტონოგოვი. კოტე მარჯანიშვილი კი მუსიკის იმ მელოდიას ადარებდა, რომელსაც, რაც უფრო ხშირად ისმენ, მით უფრო გეძალება მოსმენს სურვილი.

 

 

წყარო: ქართველები                                              თამარ ოთიაშვილი