2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შეუძლიათ როგორც ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საელჩოში/საკონსულოში ვიზიტის დროს, ასევე საფოსტო გზავნილით, თუმცა ყველაზე მარტივი გზა არის ვებ-გვერდის – www.geoconsul.gov.ge -ის საშუალებით. მომსახურება უფასოა.
შეგახსენებთ, რომ საკონსულო აღრიცხვა, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვას, არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ან ემიგრანტის მხრიდან ვალდებულებას. იგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკონსულო სამსახურის მიერ მოქალაქის უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს.