საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში, მორიგი საგრანტო კონკურსი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის, ცოტა ხნის წინ დასრულდა. მსოფლიოს 19 ქვეყნიდან 45 გამარჯვებული გამოვლინდა.
მიმდინარე წელს, აღნიშნული პროექტი ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისული ვითარების შემდგომ ეტაპზე, უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დახმარებასა და დიასპორული ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობაზე იყო ორიენტირებული. გასულ წელთან შედარებით, პროგრამის მიმართ თანამემამულეთა დაინტერესება, ქვეყნებისა და ბენეფიციართა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
კონკურსის შედეგებზე ,,ქართულ კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მუხრან გულაღაშვილი ესაუბრა.
– როდის ამოქმედდა „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამა და რა იყო მისი შექმნის მთავარი მიზანი?
– დიასპორასთან ურთიერთობის სისტემური მიდგომის დანერგვის და დიასპორული ინიციატივების წახალისების მიზნით, 2019 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამას. პროგრამის არსია ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით, დააფინანსოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი პროექტები. ეს ინიციატივა ხელს უწყობს საზღვარგარეთ დიასპორულ საქმიანობაში, აგრეთვე, ქვეყნის განვითარების პროცესში თანამემამულეთა აქტიურ ჩართულობას, მათში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, სახალხო დიპლომატიის განვითარებას და სამშობლოსთან კავშირის გაღრმავებას, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას და პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას.
საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას ქმედითად შეუწყობს ხელს.
პროგრამის ამოცანაა დიასპორულ საქმიანობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ჩართულობის მაღალი დონის უზრუნველყოფა და დიასპორული ინიციატივების წამახალისებელი სისტემური მიდგომის დანერგვა.
– ცოტა ხნის წინ დასრულდა მორიგი კონკურსი, როგორ შეაჯამებთ მთელ ამ პროცესს, რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგებით?
– ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თქვენი ნებართვით, მცირე ექსკურსს გავაკეთებდი ამ პროგრამის ისტორიაში, იმის გათვალისწინებით, რომ ის სულ ახლახანს – გასულ წელს ამოქმედდა. გასულ წელს პროგრამა საპილოტე რეჟიმში პირველად განხორციელდა და უპირატესობა მიენიჭა ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, ასევე, საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის განხორციელებულ პროექტებს, რომლებიც თანხვედრაში იყო სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებულ საერთო მიზნებთან. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა საკვირაო სკოლების და ქართული კულტურის კერების განვითარებას.
რაც შეეხება პროგრამის მიზნებს მიმდინარე წელს, როგორც წინა პასუხისას აღვნიშნე, პროგრამის არსს წარმოადგენს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი პროექტების დააფინანსება. შესაბამისად, მიმდინარე წელს ყურადღება, ძირითადად, გამახვილდა ახალი კორონავირუსის გავრცელებისგან გამოწვეული კრიზისული ვითარების შემდგომ ეტაპზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარებაზე, ასევე, დიასპორული ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობაზე. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტი მიენიჭა ბავშვებზე/მოზარდებზე მიმართულ პროექტებს. კერძოდ, სამედიცინო ხასიათის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ორგანიზაციების და საკვირაო სკოლების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ ორიენტირებულ პროექტებს. მიმდინარე საგრანტო პროექტის ფარგლებში, ამოქმედდება ორი ახალი საკვირაო სკოლა იმ ქალაქებში, სადაც ადრე არ ფუნქციონირებდა – სტამბოლში და ლისაბონში. პორტუგალიის მასშტაბით, ეს საერთოდ პირველი სკოლაა. კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 87 განაცხადი და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს 19 ქვეყნიდან 45 გამარჯვებული გამოვლინდა.
საკმაოდ შრომატევადი სამუშაოს შესრულება მოუწია საკონკურსო კომისიას, თუმცა ვერ დავმალავ კმაყოფილებას, რადგან გასულ წელთან შედარებით გაიზარდა მომართვის გეოგრაფია (ქვეყნების რაოდენობა), პროგრამის მიმართ თანამემამულეთა ინტერესიც და რაც მთავარია, ბენეფიციართა რაოდენობა, რომელიც ისარგებლებს გამარჯვებული პროექტების განხორციელების შედეგად, შეადგენს დაახლოებით 35 000 ადამიანს, რაც, რათქმა უნდა, ამართლებს პროექტის ძირითად მიზანს – პანდემიის შედეგად დაზარალებული რაც შეიძლება მეტი თანამემამულისთვის ადგილზე ქმედით დახმარების გაწევას.
– საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა საზოგადოების ინტერესი წლევანდელი პროგრამის მიმართ, როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა ასეთი დაინტერესება?
– მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გაწეული დიდი ძალისხმევისა, საზღვარგარეთ მყოფ უამრავ ჩვენს თანამემამულეს კვლავ სჭირდებოდა ადგილზე ქმედით დახმარების გაწევა. ვფიქრობ, ეს გარემოება და ასევე, ჩვენი დიასპორის წარმომადგენელთა სურვილი, დახმარებოდა მოყვასს, გახდა მიზეზი დიასპორის წარმომადგენლების მაღალი ინტერესისა.
პროექტის ფარგლებში, საგრანტო განაცხადების წარმოდგენა თავდაპირველად განსაზღვრული იყო 2020 წლის 20 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით, თუმცა სწორედ დიასპორის წარმომადგენლების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საგრანტო კონკურსის ვადა 15 ივნისიდან 23 ივნისამდე გახანგრძლივდა.
– საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში ვინ იყვნენ ჩართულები და რის მიხედვით შეირჩნენ ისინი?
– პროგრამით დადგენილი მიზნების განსახორციელებლად, შეიქმნა უწყებათაშორისი სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის კავკასიის და დიასპორის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიის წევრების შერჩევა, მოხდა პროფილურად, ზემოაღნიშნული უწყებების მიერ.
– სამინისტროს 24 საათიან რეჟიმში მოუწია პანდემიის ფონზე მუშაობა და უცხოეთში მყოფი თანამემამულეეების დახმარება, ამ საქმეში დიდია დიასპორის და დიასპორული ორგანიზაციების როლი. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა სახელმწიფოსა და დიასპორას შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებაა…
– სწორედ აღნიშნეთ, სამინისტროს ცენტრალური აპარატი საზღვარგარეთ ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან ერთად, საგანგებო ვითარებაში, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად. ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა, რათა მინიმუმამდე დაეყვანა პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების გავლენა საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებზე. კერძოდ, 2020 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და საკონსულო დაწესებულებებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 23 309 მოქალაქეს. ქვეყნებს შორის ჩაკეტილი საზღვრების და გაუქმებული ავია მიმოსვლის ფონზე, 2020 წლის 10 მარტიდან 28 ივლისამდე, საქართველოს მთავრობის და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ორგანიზებით განხორციელდა 74 ჩარტერული ავიარეისი, მათ შორის, ნაწილი იყო სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული. მთავრობის ხელშეწყობითა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი ჩარტერული რეისებით, ასევე, სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 25 198 მოქალაქე. მიუხედავად შეზღუდვებისა, პანდემიის პერიოდში მოხდა საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქის გადმოსვენება. საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო ონლაინ კონსულტაციები მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. საქართველოს შესაბამისი საელჩოს „Facebook“ გვერდის საშუალებით, თბილისიდან განხორციელდა ექიმი ინფექციონისტების პირდაპირი ჩართვა, რომლებმაც უპასუხეს ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, გაერთიანებულ სამეფოდან და ამერიკის შეერთებულ შტატებიდან.
ამ პროცესში, სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად, სრულად იყო ჩართული ჩვენი დიასპორული ორგანიზაციები, სამრევლოები და ცალკეული თანამემამულეები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების დახმარების საქმეში. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება განეხორციელებინა „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამა, რაც უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად, სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ურთიერთთანამშრომლობის და ერთობლივი ძალისხმევის შესანიშნავი მაგალითია.
– სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობა ალბათ კვლავაც გაგრძელდება, რა ინიციატივები და პროექტებია თქვენი მხრიდან უკვე დაგეგმილი?
– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში. საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა საელჩოს დავალებული აქვს რეგულარულად შეხვდეს დიასპორის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, რათა შემდგომში მოხდეს მათი განზოგადება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას საკვირაო სკოლების მხარდაჭერის, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის, საქართველოს ახალგაზრდა ელჩების, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლების დახმარების, საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების და ბავშვების საქართველოს ბანაკებში დასვენების და სხვა პროგრამებზე, ასევე, დიასპორასთან ურთიერთობის ერთიანი უნივერსალური საკომუნიკაციო პლატფორმის განვითარებაზე. პარტნიორ დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, იგეგმება უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევების მომზადება და პრეზენტაცია ამ ქვეყნებში მყოფი დიასპორისთვის, ასევე დიასპორის ბიზნეს ფორუმები საქართველოს რეგიონებში და საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის განახლება.
ანანო ლებანიძე