,,ქართული კვირა“ და ქ. დუბლინში არსებული ქართული საგანმანათლებლო ცენტრი ,,ლამპარი’’ ურთიერთანამშრომლობას იწყებენ. მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა და საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა ანელი აწკარუნაშვილმა.
თანამშრომლობის ფარგლებში, მოხდება ინფორმაციების გაცვლა, ცენტრის საქმიანობის ფართოდ გაშუქება და ასევე დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს მჭიდრო კავშირს ემიგრაციაში მყოფ ადამიანებთან.
საგანმანათლებლო ცენტრი ,,ლამპარი’’ 2008 წელს დაარსდა ქ. დუბლინში და ემსახურება ირლანდიაში მცხოვრები ქართველი ბავშვების მშობლიური ენისა და ისტორიის, ქართული კულტურისა და ტრადიციების ახლოს გაცნობას.
,,საგანმანათლებლო ცენტრის მიზანია, ირლანდიაში მყოფმა მომავალმა თაობამ გაიცნოს და უფრო მეტი გაიგოს თავისი სამშობლოს შესახებ. წლის განმავლობაში ტარდება საინტერესო აქტივობები, ასევე ჩვენი ცენტრი აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში, სადაც საშუალება გვეძლევა ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები. ჩვენს ცენტრში დღეს დაახლოებით 40 მოსწავლეა და ისწავლება ქართული ენა, საქართველოს ისტორია, რელიგიის ისტორია, ბუნება.
მოხარულები ვართ ,, ქართულ კვირასთან’’ თანამშრომლობით. ვფიქრობ ჩვენი ურთიერთობა ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება. იმედი მაქვს რომ მომავალში ერთად ბევრ საინტერესო პროექტს და იდეას განვახორციელებთ,“ – ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ საუბარში ანელი აწკარუნაშვილი