რამდენიმე დღის წინ დოკუმენტური ფილმის, “ცხინვალი 1920”-ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატიას ვაჟა მაისურაძე გამოეხმაურა, რომელიც ფეისბუქკომენტარში უცნობი სახელების მიღმა არსებულ საინტერესო ისტორიას ყვებოდა. როგორც აღმოჩნდა, მის წინაპრები უშუალოდ იყვნენ ჩართული არამარტო 1920 წლის აჯანყების ჩახშობაში, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლის ბევრ მნიშვნელოვან მოვლენაში. სწორედ ამიტომ, გვერდმა გადაწყვიტა, მკითხველისათვის მეტი მოეთხრო ცნობილი ამბების უცნობ გმირთა შესახებ.
ვაჟა მაისურაძის წინაპრები გასული საუკუნის 10-20-იან წლებში ვალიკო ჯუღელის მხარდამხარ ქართული სახელმწიფოებრიობისათვის იბრძოდნენ. მათი, ისევე, როგორც 1920 წლის მოვლენის მონაწილე ბევრი სხვა პირის სახელი, ფართო საზოგადოებისათვის უცნობია. დახურული არქივების, საეკლესიო ჩანაწერებისა და სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ბატონი ვაჟა თავად გვიყვება დამოუკიდებელი საქართველოს შენარჩუნებისათვის მებრძოლი წინაპრების ისტორიას.
ვაჟა მაისურაძე 64 წლის წინ ცხინვალში დაიბადა. ქალაქს, სადაც ვაჟა და მისი ძმა თითქმის ყოველ ზაფხულს ატარებდნენ, საბჭოთა ხელწერის შესაბამისად, მაშინ სტალინირი ერქვა. სტალინირშივე ჰქონდათ მამაპაპისეული სახლი, რომელიც 1991 წელს ოსებმა დაწვეს. ოჯახში ყურმოკვრით გაგებული ამბების საფუძვლიანი ძიებაც 1990 წლიდან, საეკლესიო წიგნებსა და საარქივო ჩანაწერებში დაიწყო.
საბჭოთა კავშირის დაშლის პარალელურად, ე.წ რეპრესირებულთა რეაბილიტაციისას მას სამი ბარათი ერგო – პაპის, ვასო მაისურაძის, პაპის ძმისა და მისივე შვილის – ილა და ნიკოლა მაისურაძეების სახელზე. სამივე მათგანი, ბევრი სხვა ქართველის მსგავსად, საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა.
“ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი ფესვები და თავად დავიწყე წარსულის კვლევა. პაპაჩემს სამი ძმა ჰყავდა, მათ შორის უფროსი იყო ილია მაისურაძე, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ჯავის რაიონის მილიციას ხელმძღვანელობდა. ილა (ილია) მაისურაძე იყო ასევე ვალიკო ჯუღელის თანამებრძოლი 1920 წელს იმ აჯანყების ჩახშობისას, რომელსაც თქვენი ფილმი – “ცხინვალი 1920″ ეძღვნება.1920 წლის ამბები ისტორიულად ცნობილია, უბრალოდ, საბჭოთა კავშირის დროს, რასაკვირველია, ამაზე არავინ საუბრობდა.
არავინ საუბრობდა არც 1918 წელს მომხდარ ფაქტებზე – 1981 წელს გამოიცა ლევან თოიძის წიგნი – “როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, სადაც ზუსტადაა აღწერილი თუ როგორ შეიჭრნენ ოსები 1918 წელს ცხინვალში და გადაწვეს ადგილობრივების სახლები. გადმოცემით, მათ შორის იყო ჩემი წინაპრების სახლიც – (პაპაჩემისა და მისი ძმის ოჯახები ერთ სახლში ცხოვრობდნენ) მახსოვს, ბებია იხსენებდა, მხოლოდ აკვნების გამოტანა მოვახერხეთ სახლიდანო” – გვიყვება ვაჟა მაისურაძე– “ილა მაისურაძე, როგორც ჯავის მილიციის უფროსი, ვალიკო ჯუღელთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობდა 1920 წლის ანტისახელმწიფოებრივი აჯანყების ჩახშობაში. მანამდე კი, 1906-7 წლებში დაპატიმრებულიც გახლდათ, შემდგომ ილა მენშევიკური პარტიის წევრი იყო. ილა მაისურაძე 1921 წლის ივლისში დააპატიმრეს, როცა უკვე დამყარებული იყო საბჭოთა ხელისუფლება და წითელმა არმიამ საქართველოს ანექსირება მოახდინა. მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტია ის, რომ, მასთან ერთად, დააკავეს მისი სამი თანამებრძოლიც – ერთ–ერთი გვარად ლომსაძე გახლდათ, ორი მათგანი კი ეთნიკურად ოსი: ცხოვრებოვი – სოფელ თამარაშნიდან და გაბარაევი – სოფელ აჩაბეთიდან. როგორც ცნობილია, ცხოვრებოვი ამ დროს ძალიან ახალგაზრდა იყო, დაახლოებით 18 წლის და ილას მარჯვენა ხელი გახლდათ. ეს ფაქტიც ამტკიცებს იმას, რომ ეს არ იყო ეთნიკური კონფლიქტი, არამედ რუსეთისაგან მართული პროცესი – 1920 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის დასაცავად ქართველების მხარდამხარ ეთნიკურად ოსებიც იბრძოდნენ.”
1921 წელს დაპატიმრებულ ილას დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა 3 წელი პატიმრობაში, მეტეხის ციხეში გაატარა. საბოლოოდ მისი განაჩენი 1924 წლის ცნობილი აჯანყების მონაწილეებთან ერთად დახვრეტით აღსრულდა – პირველ სექტემბერს დახვრეტილთა 800-კაციან სიაში ილია მაისურაძის სახელსაც ამოიკითხავთ. თუმცა, ჯავის მილიციის ყოფილ უფროსს ამ აჯანყებასთან საერთო არ ჰქონია.
ილა მაისურაძის საქმეში დევს მეტეხის ციხის ექიმის დასკვნაც, რომელშიც ექიმი წერს, რომ პატიმარი ტუბერკულიოზითაა ავად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამ პერიოდში მეტეხის ციხეში ებრაელი წარმოშობის ჯალათი – შულვანი იყო. არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, შულვანი ჩადიოდა ქვედა სართულზე განთავსებულ დილეგებში და ავადმყოფობისაგან დასუსტებულ პატიმარს, რომელიც სისხლს ანთხევდა, მიმართავდა – “მაისურაძე, შენ კიდევ არ ჩაძაღლდიო?!” – სავარაუდოდ, ეს პატიმარი სწორედ ილა მაისურაძე იყო.
ილას ერთი ვაჟი – ნიკალა და ორი ქალიშვილი ჰყავდა, რომელთა დაბადების თარიღები მან შეგნებულად შეცვალა, რათა ოჯახისათვის მოსალოდნელი რეპრესია აერიდებინა. ნიკალა, რომელიც მამის დაპატიმრების დროს 15 წლისა იქნებოდა, მცირეწლოვნად გამოიყვანა, თუმცა ამით დახვრეტას მაინც ვერ გადაარჩინა – ნიკალა მაისურაძე, რომელიც იმ დროს “ჩეკაში” მუშაობდა და მაიორი იყო, 1930 წელს დახვრიტეს.
როგორც ვაჟა მაისურაძე იხსენებს, მათ ოჯახში ილას შესახებ იშვიათად საუბრობდნენ – “ილას მომგონებელი არავინ ჰყავდა, მის სახელს არავინ ახსენებდა ჩვენს ოჯახში, მის შესახებ არაფერი ვიცოდით, არც ის, თუ როგორ გარდაიცვალა. მხოლოდ რამდენიმე მოგონება მახსოვს პაპაჩემისაგან – როცა ილა ჯავის მილიციას ხელმძღვანელობდა, სულ ფორმით დადიოდა და მისი დაჯერებით ცხენიც პატრონს უკან მოჰყვებოდა ხოლმეო. საბჭოთა არმიის შემოჭრის შემდეგ, როცა ილა იძებნებოდა, ებრაელი ქალის ტანსაცმელში გადაცმულს ტივით დაუტოვებია ცხინვალი – იგი თბილისში, მალაკნების ბაზართან დაიჭირესო – ყვებოდა პაპა, რაც ილას საბრალდებო დასკვნითაც დასტურდება.”
ილას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებას ემსხვერპლა ვაჟა მაისურაძის პაპა, ვასო მაისურაძეც, რომლეიც 1937 წელს “საბჭოთა წყობილების დამხობის მიზნით, კონტრრევოლუციონერული გადატრიალების მოწყობის” ბრალდებით დააპატიმრეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვასო მაისურაძე პატიმრობის მე-5 წელს რუსეთში, ურალის ციხეში გარდაცვლილა.
“პაპაჩემი უბრალო კაცი არ ყოფილა – ნიკოლოზ მეორის ჯარში მსახურობდა, 5 წელი კავალერიაში იმსახურა. გამოცემით ვიცი, რომ სოფლის წისქვილში საუბრისას სტალინის “აუგად” მოხსენიებისათვის დაისაჯა. ასევე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, პაპაჩემის ბიძაშვილი სანდრო მაისურაძე, რომლის შესახებაც ჩემთვის ცნობილი დოქტორანტ ირაკლი ხვადაგიანის მეშვეობით გახდა. სანდრო გახლდათ ვალიკო ჯუღელის მოადგილე – იგი 1918 წელს ბოლნისის, იგივე კატარინენფელდის აღებისას დაიღუპა და ეროვნული გმირის ღირსებით დაკრძალეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი საფლავი დღეს ჩვენთვის უცნობია“ – გვიყვება ვაჟა მაისურაძე.
ოჯახს წინაპრების სახსოვრად ვასო მაისურაძის ერთადერთი ფოტო შემორჩა – სამწუხაროდ, ილა მაისურაძის ფოტოსურათი არც მათ პირად არქივში მოიძებნება. ადამიანებზე, რომლებზეც საბჭოთა დროს ოჯახიც დუმდა, ისტორიკოსებმა გაცილებით მეტი იციან, თუმცა შთამომავლებმა ზუსტად იციან ის, რომ 1920 წელს არავითარი გენოციდი არ ყოფილა – “რუსეთის მხრიდან გენოციდზე საუბარი, სხვა თუ არაფერი, აბსურდულია – რადგან რუსეთი მხარე იყო ამ დროს. თუკი არსებობს კონფლიქტის ორი მხარე, ერთ–ერთი მათგანი მსაჯული ვერ იქნება. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ილასთან ერთად, მისი ორი ოსი თანამებრძოლის დაკავება საკმარისი არგუმენტია იმის საილუსტრაციოდ, რომ აჯანყება რუსეთის პროვოცირებული და ცალკეულ პირთა მიერ შესრულებული იყო და არ გამოხატავდა ოსთა ზოგად პოზიციას,” – ამბობს ვაჟა მაისურაძე.
საინტერესოა ისიც, რომ ჯერ კიდევ 1918 წელს ოსები ცხინვალიდან 4 ოჯახის გასახლებას ითხოვდნენ, მათ შორის იყო ილა მაისურაძის ოჯახიც, რომელიც საქართველოს გასაბჭოებამდე იარაღით ხელში ებრძოდა ანტისახელმწიფოებრივად განწყობილ პირებს. თუმცა, საბოლოოდ ამავე რეჟიმის მსხვერპლი გახდა.
თამუნა ზარანდია