“იმუშავე საქართველოდან“ – ტურიზმის ადმინისტრაციის ახალ პროექტზე 40-მდე ქვეყნის მოქალაქეები დარეგისტრირდნენ

საქართველოს მთავრობის „იმუშავე საქართველოდან“ ახალი პროექტით საქართველოში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის სურვილი უკვე 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქემ გამოხატა და პროექტში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია გაიარა.

164 აპლიკანტი საქართველოში მოგზაურობას თანმხლებ პირთან, ოჯახის წევრებთან ერთად აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ განცხადების დადასტურების შემთხვევაში 320-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას და დისტანციურად მუშაობას. 27 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით მიღებული აპლიკაციების 56 % „თვითდასაქმებული,“ 23 % სრულ განაკვეთზე დასაქმებული, ხოლო 21 % მეწარმეა.

პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ 27 აგვისტოდან დაიწყო და მოკლე დროში დიდი დაინტერესება მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, თურქეთსა და სხვა სახელმწიფოებში.

“იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტია, რომელიც საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველ უცხო ქვეყნის მაღალანაზღაურებად მოქალაქეებს საქართველოში უმასპინძლებს. 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო.