შვედეთის სამხრეთ რეგიონ სკონეში, ვეიბის ვენახში საზეიმოდ გაიხსნა „ქართული ქვევრის მარანი“. შესავალი სიტყვით წარსდგა მარნის მეპატრონე იეპე აპელინი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიასა და ტრადიციებზე, განსაკუთრებით საქართველოს, როგორც მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყნის შესახებ და შესაბამისად, ხაზი გაუსვა ქვევრის მნიშვნელობასაც.
მარანი აკურთხა შვედეთის წმინდა გიორგის სამრევლოს მღვდელ-მსახურმა დეკანოზმა მამა შიომ, ხოლო ქართული საგალობლები შეასრულა სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სამრევლოს მგალობელთა გუნდმა, თემურ პოტასკაევის ხელმძღვანელობით.
დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს ელჩმა შვედეთის სამეფოში, მალხაზ კაკაბაძემ და შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ,ჰანს ვოლმარკმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე რეგიონში, ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ.
გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა მიღება, რომელზეც სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ქვევრში დამზადებული ღვინითა და ქართული ტრადიციული კერძებით, რომელიც წარმოადგინა გეტებორგში მოქმედი ქართული რესტორნის – „სტუმარის“ შეფ-მზარეულმა, იქვე არსებული ქართული ღვინის კლუბ „მარანის“ დამფუძნებელმა, გიორგი სხირტლაძემ.