2020 წლის 16 სექტემბრიდან ვილნიუსის უნივერსიტეტში განახლდება ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები. კურსის ფარგლებში, მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ ქართულად საუბრისა და კომუნიკაციის უნარებს, ასევე, გაეცნონ ქართულ კულტურას, ენასა და ლიტერატურას.
ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები ვილნიუსის უნივერსიტეტის პროგრამის – „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ ფარგლებში ხორციელდება და მასზე დასწრება შეუძლია ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
ამასთან, ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ, ქართული ენა ისწავლონ, როგორც არჩევითი საგანი, ხოლო უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს კი – როგორც თავისუფალი საგანი.
აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით აღნიშნული კურსები ვილნიუსის უნივერსიტეტში უკვე მეშვიდე წელია წარმატებით ფუნქციონირებს. 2018 სასწავლო წლიდან კი ქართული ენა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კურიკულუმში გაერთიანდა.