საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის – „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს, ნათქვამია „საქსტატის“ განცხადებაში.
ქართული სტატისტიკის ისტორიაში საქართველოს წარმომადგენელი UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარე პირველად გახდა, რაც ქვეყნისთვის წარმოადგენს უდიდეს შესაძლებლობას, ოფიციალური სტატისტიკის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით.
ბიურო სტატისტიკის კომიტეტის საკონსულტაციო და მაკოორდინირებელი ორგანოა, რომელიც მას თავისი ფუნქციების შესრულებაში ეხმარება. განახლებული ბიურო 6 წევრისგან შედგება, რომელიც საქართველოსთან ერთად, ინდოეთის, მალაიზიის, ფილიპინების, მონღოლეთისა და ფიჯის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებს აერთიანებს.
UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს მეშვიდე სესია ბანგკოკში გაიმართა და მის მუშაობაში ორგანიზაციის 50 წევრი ქვეყნის სტატისტიკური სამსახურების და სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.