იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დაიწყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის სამუშაო ვიზიტი ტრენტოს ავტონომიურ პროვინციაში. საქართველოს ელჩი შეხვდება პროვინციის პრეზიდენტს მაურიციო ფუგატის. დაგეგმილია შეხვედრები ტრენტოს უნივერსიტეტში, ედმუნდ მახის ფონდში, რომელიც გახლავთ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენოლოგიური კვლევის ინსტიტუტი, ტრენტოს სავაჭრო პალატასა და ა.შ.
როვერეტოში, მშვიდობის მემორანდუმის ფარგლებში, ომში დაღუპულთა მემორიალთან “მარია დოლენს” (Campana dei caduti) საზეიმოდ აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველო იქნება 98-ე ქვეყანა, რომლის დროშაც აფრიალდება აღნიშნულ ადგილას.
აღსანიშნავია, რომ წელს ტრენტოს ფესტივალის ფოკუსში “destinazione…” სწორედ საქართველოა.
საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო “Mountain Future Festival”-ის გახსნაშიც, რომელზეც დამსწრე სტუმრებს საშუალება მიეცათ მოესმინათ ფოტოგრაფ მაურიციო მენეგელოსა და მორბენალ იანეც ბორელას მოგონებები საქართველოზე, სადაც ისინი პროექტის “SOUL SILK. ANIMA DI SETA”-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ, როდესაც ველოსიპედებით იტალიიდან ჩინეთამდე, აბრეშუმის გზის გავლით გაემგზავრნენ.
კინემატოგრაფიის გარდა, ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მთებისა და ქართული ღვინის საუკუნოვან ტრადიციებზე.