თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში მოქმედ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე უკვე რამდენიმე ათეული პირველკურსელია. ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება თურქეთში საქართველოს საელჩოს ფეისბუქ გვერდზე.
„სიხარულითა და სიამაყით გაუწყებთ, რომ ერთობლივმა ძალისხმევამ სასიკეთო შედეგი გამოიღო და 2020-2021 სასწავლო წლისათვის, თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში მოქმედ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე უკვე გვყავს რამდენიმე ათეული პირველკურსელი.
გვსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს. სწორედ ამ უწყების უშუალო ჩართულობით, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე სტუდენტთა მიღების წესში შეტანილ იქნა ცვლილებები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტებში ზემოთ ხსენებულ მიმართულებაზე გამოყოფილი სტუდენტთა კვოტის სრულად ათვისება.
გულითადად ვულოცავთ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პედაგოგებს და სტუდენტებს და ვუსურვებთ ულევ წარმატებას შემდგომ საქმიანობაში!“ – წერს გიორგი ჯანჯღავა