უცხოეთში დღეს ბევრი ქართველია წასული, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს, რომ საქართველოდან მოშორებით ქართული საქმე აკეთოს და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაფანტულ თანამემამულეებისთვის ერთნაირად საჭირო, სასარგებლო და რაც მთავარია, საიმედო იყოს.
დღევანდელმა რესპონდენტებმა ეს მოახერხეს, მით უფრო, იმ ფონზე, რომ მათი საქმიანობა ექსკლუზიური არ არის და ამ სფეროში დიდი კონკურენციაა. თბილისელმა ენო ხუტაშვილმა და მისმა მეუღლემ, ლანკა ჩეჩელაშვილმა ესპანეთში ჩასვლის პირველი დღიდან დაიწყეს საკუთარი ნიშა მოეძებნათ და იქ აღებული მაღალი თამასა ბოლომდე არ დაეწიათ. თავიდან მათ შემოთავაზებებს ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება, რადგან ქართული საიტები, რომლებიც ავია-ბილეთების ყიდვა-გაყიდვას სთავაზობენ მომხმარებელს მაინცდამიანც კარგი რეპუტაციით ვერ გამოირჩევიან.
მოკლედ რომ გითხრათ, ისინი უცხო ქვეყანაში ჩასულ ქართველებს არა მხოლოდ ავია ბილეთებს სთავაზობენ, ადგილზე ჩასულებს ბოლომდე, სასტუმროში დაბინავებამდე, რომ იტყვიან, პატრონობენ. ყოფილა შემთხვევა, რომ გარკვეული გარემოებების გამო, ქუჩაში დარჩენილი უიმედო ქართველისთვის გაუწევიათ დახმარება…
-ენო და ლანკა , როგორ მოხვდით ესპანეთში, როგორ აღმოჩნდით ემიგრანტების სიაში?
–მინდა გაიხსენოთ თქვენი აქ ჩამოსვლის პირველი დღეები, როგორი იყო ემიგრანტული ცხოვრების დასაწყისი?
ლანკა ჩეჩელაშვილი: ჩვენ არ წამოვსულვართ შავი სამუშაოს შესასრულებლად, აქ ჩვენ ოცნებების ასახდენად ჩამოვედით. ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენა გვქონდა, ვფიქრობდით, რომ ჩამოსვლისთანავე სადმე ვიშოვნიდით სამსახურს, მაგრამ ეგ „სადმე» ყოფილა ყველაზე რთული. ენის სწავლას ინტენსიური მეცადინეობით ექვსი თვე მაინც სჭირდება, დრო გინდა ადამიანების გასაცნობადაც, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელები ძალიან თბილი და მარტივად საურთიერთობო ხალხია.
ენო: ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ რეალურად არ იცი სად მოდიხარ-ანუ გადაჭარბებული მოლოდინები გაქვს. რთულია მოიპოვო საცხოვრებელი ადგილი ქვეყანაში, სადაც არანაირი საბუთი გვქონდა და თან, ენაც უნდა გვესწავლა… დაგვიდგა დრო, როცა იმაზე დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა გვეკეთებინა, რომ გადავრჩენილიყავით. შეუძლებელია უცხოეთში თბილისიდან გამოგზავნილი ფულით იარსებო. ესპანეთში, მთელ ევროპაში ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამსახურებია და ელემენტარული სამუშაოს შოვნაც ძალიან ჭირს. ვთვლით, რომ იღბლიანები ვართ, რადგან ძალიან მალე ვიპოვეთ ჩვენი საქმე.
ლანკა: შორიდან ლამაზ ზღაპრად ჩანს ყველაფერი და გგონია, რომ რადგან აქ მეტი შესაძლებლობაა, უფრო მეტი კეთილდღეობაცაა. სინამდვილეში კი ყველაფერი ძალიან დიდი შრომის ფასად მიიღწევა. ჩვენი პირველი დღეები საკმაოდ რთული აღმოჩნდა. იმასაც კი ვფიქრობდი ნეტავ აქ რატომ წამოვედი მეთქი, მაგრამ ყოველთვის მქონდა იმის იმედი, რომ შეგვეძლო ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გვეჩვენებინა, ამიტომ ფარ-ხმალი არ დაგვიყრია…
–დარწმუნებული ვარ, დღეს რითიც ხართ დაკავებული, ამაზე არასდროს გიფიქრიათ, რეალურად დაიწყეთ საქმე, რითაც საკუთარ თავსაც დაეხმარეთ და ემიგრანტების დიდ ნაწილსაც. თქვენი სამუშაო არის ინტერნეტ-საიტი „იაფი ფრენები“ და ამასთან ხალხს ონლაინ–მეგზურობასაც უწევთ…
–მოკლედ ავხსნათ, რას მოიცავს თქვენი სამსახური. რას აკეთებთ?
ენო:ერთი შეხედვით, ჩვენი საქმე რეალურად, ბილეთების გაყიდვაა. ამაში ასევე შედის დაზღვევა, სასტუმროს დაჯავშნა და ა.შ. თავიდან წარმოდგენა არ მქონდა ამ სფეროზე, პირველად ბილეთები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მაშინ ვიყიდე, როცა აქ წამოვედით-ეს იყო ჩემი „გამოცდილება“. თავიდან სოციალურ ქსელებში შევქმენით დახურული ჯგუფი, სადაც ჯერ ასი ადამიანი გაერთიანდა, მოგვიანებით კი ორასი მსურველი აღმოჩნდა.
ლანკა: იმ ქალაქში, სადაც ვიყავით, ბევრი ადამიანი წუხდა, რომ არ ჰქონდათ გამართული ანგარიშები, ვერაფერს ყიდულობდნენ და დახმარება სჭირდებოდათ. ტურისტული ფირმების მომსახურეობაში ძალიან დიდ თანხას იხდიდნენ. როცა დავფიქრდით, მივხვდით, რომ შეგვეძლო ანალოგიური სამსახურის შეთავაზება, ოღონდ, ქართული ანგარიშების გამოყენებით. თანაც, შესაძლებელი იყო, რომ მსგავსი სამსახური ძალიან სწრაფად, ეფექტურად და მინიმალური დანახარჯით გაგვეწია.
ენო: თითქოს ყველაფერი მარტივი იყო, ვიღაცას უნდოდა ბილეთი და ჩვენ მის ყიდვაში ვეხმარებით. თუმცა ბილეთის ყიდვით ამ ადამიანებთან შენი ურთიერთობა ამით რეალურად არ მთავრდება. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ჩვენ უნდა გვქონოდა სრულყოფილი ინფორმაცია ყველაფერზე, რაც ადამიანს მოგზაურობის დროს ჭირდება. მაგალითად, გვცოდნოდა საკონტაქტო ნომრები, ის, თუ რა არის საჭირო მოქალაქისთვის საზღვრის გადაკვეთის დროს, ქვეყნებს შორის ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი და კიდევ ბევრი რამ…
ლანკა: როგორც გითხარით, დახურული ჯგუფით დავიწყეთ და მერე, როცა ჩვენი საიტის მომხმარებელთა რაოდენობა 13000-მდე გაიზარდა, დავარეგისტრირეთ საიტი და ისტაგრამი, მოვაწესრიგეთ სოციალური სივრცე და დღეს უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ შემოვიდეს ჩვენს გვერდზე და მიიღოს მისთვს საჭირო ინფორმაცია, რომელსაც ყოველდღიურად ვაახლებთ.
ენო:როცა საქმის კეთება დავიწყეთ ამას მთელი მონდომებით და პასუხისმგებლობით ვაკეთებდით. ეს საქმიანობა ორმა დავიწყეთ, მოგვიანებით მეგობრები შემოგვიერთდნენ და დღეს უკვე ხუთნი ვართ. მომხმარებელთან ხაზზე ვართ მანამდე, სანამ ის დანიშნულების ადგილამდე არ ჩავა. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან მოგვეცა საშუალება, რომ ბევრ ადამიანს დავეხმაროთ. როცა მსოფლიოს საზღვრები პანდემიის გამო ჩაიკეტა, მე და ლანკამ შევძელით რამდენიმე ასეული ადამიანის სახლში დაბრუნება და ამან უფრო დიდი მოტივაცია მოგვცა.
-საქმიანი კავშირების მიღმა ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობებიცაა…
ლანკა: ეს ადამიანები ისე გვეფერებიან, რომ ხშირად გული მიჩუყდება. ხშირად გვირეკავენ, გვკითხულობენ და გვეუბნებიან, რომ ძალიან მადლიერები არიან. ჩვენთვის ჯერ ურთიერთობებია მთავარი და მერე სხვა ყველაფერი. ჩვენი საქმე თავიდან ბოლომდე ურთიერთობაა. როცა ვხვდებით, რომ ვიღაცას ძალიან უჭირს, თავს უფლებას ვერ ვაძლევთ, რომ იმ დროს რაიმე მოგებაზე ვიფიქროთ, ამ დროს უფრო მთავარი მათთვის დახმარების აღმოჩენაა. საბოლოოდ ისე გამოდის, რომ სიკეთე ასმაგად გვიბრუნდება.
ენო: ადამიანების მადლიერება ენერგიით მავსებს და სამომავლოდ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს. ბედნიერებაა, როცა ამდენ ადამიანს შეგიძლია დახმარება აღმოუჩინო და ისინი ამას გიფასებენ…