ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში „იმოგზაურე საქართველოსთვის – აღმოაჩინე ის, რაც შენია“ გასტრო-ტური რაჭაში მოეწყო.
ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან, ფოტოგრაფებთან და ოპერატორებთან ერთად, ტურში შეფ-მზარეულები და გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეფ-მზარეულებმა ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივებთან ერთად, კულინარიული მასტერკლასი გამართეს, გაიმართა რაჭული ღვინის დეგუსტაციაც.
ტურის ფარგლებში შეფ-მზარეულები და მედიის წარმომადგენლები ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სინაგოგას და თექის სახელოსნოს ეწვივნენ, დაათვალიერეს ნიკორწმინდა, ბარაკონი, მრავალძალი, ჟოჟხა.
ტურის მონაწილეებმა მოინახულეს სოფელი გოგოლათი, რომელსაც ისტორიულ-კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს, ასევე დაათვალიერეს რაჭაში მდებარე ტურისტულად მიმზიდველი სხვა ადგილები.
პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო. „იმოგზაურე საქართველოსთვის აღმოაჩინე ის რაც შენია“ ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ახდენს. კამპანიის ფარგლებში გამართული გასტრო-ტურის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.