1944 წლის აგვისტოში, ვარშავის აჯანყების დაწყების პირველივე დღეებში, ირინა სხირტლაძე ფსევდონიმით „ირკა“ პოლონეთის წინააღმდეგობის არმიაში მოხალისედ ჩაეწერა და „პარასოლის“ ბატალიონის მეკავშირე და სანიტარი გახდა.
1944 წლის 14 სექტემბერს იგი ლუდნას ქუჩაზე გერმანელთა ტყვიამ იმსხვერპლა, როდესაც ის მძიმედ დაჭრილი ბატალიონის უფროსის დახმარებას ცდილობდა. 1944 წლის 12-14 სექტემბერს სწორედ ვარშავის ამ უბანში მიმდინარეობდა გააფთრებული შეტაკებები აჯანყებულებსა და გერმანელებს შორის.
ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისთვის ირინა სხირტლაძე დაჯილდოებულია მედლით „მამაცთა ჯვარი“, რომელიც 1920 წელს დააწესა პოლონეთის დაცვის საბჭომ.
ირინა სხირტლაძე ვარშავის პოვონზკის ცნობილ სამხედრო სასაფლაოზეა დაკრძალული.
წყარო: ქართული დიასპორა პოლონეთში