მედიაპორტალ ,,ქართულ კვირასა“ და ასოციაცია ,,საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტებს“ შორის, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა და ასოციაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მანანა გოგოლაძემ.
,,საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები“ ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, 2002 წლიდან ფუნქციონირებს და დაარსების დღიდან საქართველოს, როგორც წარმატებული ქვეყნის პოპულარიზაციაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ორგანიზაციამ წლების მანძილზე, უამრავი წარმატებული ღონისძიება ჩაატარა და არაერთ საინტერესო პროექტს ჩაუყარა საფუძველი.
,,არსებობის მანძილზე, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, საქართველოს პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვემა ასოციაციამ. გამომდინარე იქედან, რომ 2002 წელს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ესპანეთის ტერიტორიაზე არ არსებობდა, მუდმივი კავშირი გვქონდა საქართველოს კონსულთან საფრანგეთში, მისი დახმარებითა და თანადგომით არაერთ საქართველოს მოქალაქეს გავუწიეთ დახმარება და ხელი შევუწყვეთ ესპანურ საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას. ასევე, მუდმივად ვთანამშრომლობდით ქალაქ ალიკანტეს მუნიციპალიტეტის კულტურის დეპარტამენტთან და მონაწილეობას ვიღებდით საქალაქო ფესტივალებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებში.
ათეული წლის განმავლობაში, საკმაოდ იმრავლა ქართველ ემიგრანტთა რიცხვმა, იშვა ახალი თაობაც. გაიზარდა ასოციაციის ფუნქციები და სამოქმედო არეალი. აქტიურად ვართ ჩაბმულები ქართველი ემიგრანტების დახმარება–ინტეგრაციის საქმეში, თუმცა ჩვენი ძირითადი მიმართულება ესპანეთის სამეფოში იყო და დღემდე რჩება საქართველოს სათანადოდ პოპულარიზაცია და სწორედ ამიტომ, ძირითადად აქცენტს კულტურულ–საგანმანათლებლო სამუშაოებზე ვაკეთებთ. ვთანამშრომლობთ საქართველოს სახელმწიფო თეატრებთან და ფოლკლორულ კოლექტივებთან. ასევე ესპანეთის კულტურის სამინისტროს თანხმობით, ასოციაცია ლიცენზირებულია ჩაატაროს საკუთარი ღონისძიებები სხვადასხვა ფესტივალების ფარგლებში. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ექსტრემადურის ფოლკლორის ფედერაციასთან. ყოველ 26 მაისს საქართველოსთან ერთად, ავღნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ხდება ემიგრანტი ქართველების შეხვედრა, ეწყობა საზეიმო მსვლელობები, ვატარებთ კონცერტებს. ასოციაციას მჭიდრო კავშირი და ურთიერთობა აქვს, ბარსელონაში მდებარე საქართველოს საკონსულოსთან და ბევრი სამომავლო პროექტებიც გვაქვს დაგეგმილი.
5 წლის წინ, საფუძველი ჩავუყარეთ ქართულ საკვირაო სკოლას, რაც ასოციაციის ყველაზე წარმატებულ ნაბიჯად მიგვაჩნია. გვყავს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი. ალიკანტეში უამრავი ქართველი ბავშვი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობამ მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა არ იცის. ასოციაციის მიზანია, მშობლიური ენა და კულტურა, სამშობლოს ისტორია შევაყვაროთ მომავალ თაობას. ორგანიზაციას აქვს მრავალფეროვანი აქტივობები, ეს იქნება ქართული ტრადიციული სამოსების გამოფენა, ქართული ცეკვის მასტერ კლასები, ხატვის კონკურსები, კონფერენციები თუ სხვა. ამა წლის ივნისის თვეში, კონკურსის ფარგლებში, წარვადგინეთ პროექტი სახელწოდებით “ქართული სივრცე”, რომლითაც ვაპირებთ ასოციაციის ფარგლებს გავსცდეთ და მეტი საშუალება მოგვეცეს საინტეგრაციო და პოპულარიზაციის კუთხით. მოხარულები ვართ, რომ ამ დიდ საქმეებში შემოგვიერთდა ,,ქართული კვირაც“. ეს თანამშრომლობა სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციების გაცვლას და ერთობლივად, უფრო მეტი აქტივობის განხორციელებას შეუწყობს ხელს,“ – ამბობს ,,ქართულ კვირასთან” საუბრისას, ასოციაციის დამფუძნებელი მანანა გოგოლაძე.