თბილისური არტ-ნუვო ანუ ევროპულისა და ქართულის ორიგინალური სინთეზი არქიტექტურაში  

არტ-ნუვო, იგივე მოდერნი იყო ახალი სიტყვა ხელოვნებაში, არქიტექტურასა და დიზაინში, რომელმაც პოპულარობის პიკს მე-20 საუკუნის დასაწყისში მიაღწია. არტ-ნუვომ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული განვითარება პოვა, მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი კი ანტონიო გაუდი იყო.  საქართველოში, რუსეთის მსგავსად, ეს სტილი მოდერნის სახელით დამკვიდრდა. 

ცოტასთვის თუ არის დღეს ცნობილი, რომ საქართველოს შეუძლია დაიტრაბახოს შენობათა საკმაოდ მნიშვნელოვანი კოლექციით, რომელიც მე-19/20 საუკუნეების მიჯნაზეა აგებული და ამ პოპულარულ არქიტექტურულ მიმდინარეობას მიეკუთვნება. საბჭოთა პერიოდში არტ-ნუვო ფენომენი ბურჟუაზიულ კულტურად იქნა შერაცხილი და ამგვარად იგნორირებული იყო. მცირე კოლონიურ საქართველოში, რომელიც ევროპის კულტურული მოვლენების ეპიცენტრიდან მოშორებით მდებარეობდა,  მე-20 საუკუნის დასაწყისში მრავალი შესანიშნავი არტ-ნუვო შენობა გაჩნდა: სკოლები, სახელოსნოები, კინოთეატრები, თეატრები, მაღაზიები, ბანკები, საავადმყოფოები, და არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც: სოხუმი, გაგრა, ახალი ათონი, ბათუმი, ფოთი, კუთაისი, დუშეთი, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვა.

მრავალი საინტერესო არტ-ნუვო სამარხი მდებარეობს ისტორიულ სასაფლაოებზეც. თუმცა მიუხედავად ამისა მსოფლიოსთვის საქართველოს წვლილი ამ სტილში თითქმის უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ არტ-ნუვო საერთაშორისო მიმდინარეობა იყო, ქართულ არტ-ნუვო არქიტექტურაში ადგილობრივი ფორმებია შერწყმული. შედეგად მიღებულ იქნა ორიგინალური სინთეზი ევროპული სტილის ფასადებისა (ქუჩის მხრეს) და ქართული ხის აივნებისა არტ-ნუვო დეკორაციებით (ეზოს მხარეს). ამ სტილის არქიტექტურა ევროპული ნიმუშების მექანიკური განმეორება არ ყოფილა: აქ ვხვდებით არტ-ნუვო ორნამენტებს ორიგინალური დაგეგმარებით, ავეჯით, მოზაიკით, მოჭიქული მინის პანელებით, ძეგლებით, ბუხრებით, ინტერიერის სხვა დეკორაციებითა და მაღალმხატვრული ფასადებით.

საბჭოთა პერიოდში ბურჟუაზიული არტ-ნუვოს სტილი იგნორირებულ იქნა და მრავალი უნიკალური ძეგლი სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა მიუხედაობის გამო. ახალი ეკონომიკური კლიმატის პირობებში არტ-ნუვო არქიტექტურის აღდგენის ცალკეული მცდელობების გარდა ადრინდელი ტენდენციის უკუქცევა ჯერ ვერ მოხერხდა. შენობათა სავალალო ფიზიკური მდგომარეობა, გაუმართლებელი არასწორი თანამედროვე ჩარევა, აღდგენითი სამუშაოების ნაკლებობა, არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის ინიციატივის ფაქტობრივი არარსებობა, კულტურული მემკვიდრეობის დარგში საკანონმდებლო ვაკუუმი და ასევე არტ-ნუვო კულტურის მსოფლიო ღირებულებაზე ინფორმაციის სიმწირე – ეს ის მთავარი საშიშროებებია, რომლებიც ქართულ არტ ნუვოს და შესაბამისად, მსოფლიო არქიტექტურულ კულტურაში მის წვლილს ემუქრება.

1990-იან წლებში ქართველ არქიტექტორთა ჯგუფის მიერ შეიქმნა ქართული არტ-ნუვოს გადარჩენის ზეწოლის ჯგუფი, რომელთაც რამდენიმე პროექტი განახორციელეს ამ დარგში: ღია საზოგადოება საქართველოს ფონდის დაფინანსებით ჯგუფმა 1997 წლის აპრილში მოახდინა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი შენობის დოკუმენტაცია.

 

 

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.