მალე ქართულ ბაზარს ტურისტული თემატიკის ჟურნალი „4 seasons Georgia“ შეემატება. ეს იქნება ქართული ტურისტული ინდუსტრიის ერთგვარი მესიჯი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში გაიგზავნება და ფართო მკითხველს უფრო ახლოს გააცნობს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. ამის შესახებ ინფორმაცია „4 seasons Georgia“-ს ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
გამოცემის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე უკლება: „ჟურნალი ინგლისურენოვანია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ჩვენი საელჩოებისა და საკონსულოების მეშვეობით, უფასოდ გავრცელდება მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალს საქართველოში ანალოგი არა აქვს და პირველი ნომრის გამოსვლისთანავე დადებით რეზონანსს ველოდებით.“
ჟურნალი ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს და საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობის სურვილს გაუძლიერებს.
ჟურნალი „4 seasons Georgia“ წელიწადის ოთხივე დროს თითო ნომერს მიუძღვნის. ასე რომ, მკითხველი ნებისმიერ სეზონზე აღმოაჩენს მისთვის საინტერესო საქართველოს.