ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტისას, პატარა მათეს აუცილებლად შეხვდებით და ის ამ სიტყვებით გაგეცნობათ – „მე ვარ მათე გიორგაძე, 4 წლის, ყველაზე ახალგაზრდა რეინჯერი!“
მათე ალგეთის ეროვნული პარკის, ბირთვისის რეინჯერის ამირან გიორგაძის უმცროსი ვაჟია. ამირანი ტერიტორიაზე პატრულირებას ხშირად თავის შვილთან ერთად ახორციელებს.
პირველად მამას 3 წლის ასაკში გაჰყვა ტყეში, თავიდან მცირე მანძილით დაიწყეს. მამამ იფიქრა რომ დაიღლებოდა, ან ვერ შეძლებდა ბევრ სიარულს, თუმცა მათე უდიდესი სიყვარულით და სურვილით დიდ მანძილებზეც დაუღალავად, სულ სირბილ – სირბილით გადაადგილდება. მას შემდეგ კი, რაც ჭოგრიტით ყურებისას შველი, ტურა და გარეული კატა დაინახა, მისი სიყვარული კიდევ უფრო გამძაფრდა და დღეს, თითქმის ყოველ დღე სთხოვს მამას თან წაიყვანოს პატრულირებისას.
მათეს რომ შეხვდებით, აუცილებლად გაგაფრთხილებთ, რომ მამა რეინჯერია, და რომ გარემო არ უნდა დაანაგვიანოთ! ბუნების და ცხოველების უდიდესი სიყვარულის გამო მან უკვე იცის, რომ გაიზრდება და მამასავით რეინჯერი გახდება!
წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო