იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თეონა ჭანტურია “ქართული კვირის” მკითხველს საკუთარ ჩანახატს უზიარებს. როგორია ემიგრანტი დედის ცხოვრება უცხო ქვეყანაში და მონატრება, რომელიც არასდროს ნელდება.
“ახლა პომერიჯოა – დასვენების დროა მთელს იტალიაში. ტელეფონის ზარზე პასუხის გაცემაც მიჭირს, რადგან ეს დრო სრული მარტოობისთვის მაქვს ხოლმე გამოყოფილი… ამ დროს ჩემს ბაბუას ძინავს, მით უმეტეს არ მინდა, ხმაურით გავაღვიძო.
მე კი ვერასოდეს ვახერხებ ძილს, თუმცა ძალიან ვცდილობ, ამ დროს შვილების ფოტოებს ვეფერები, ფეისბუქზე ფანჯარა აღმოვაჩინე, სადაც ამ დღის ყველა ფოტო და ჩანახატი მიმეორდება და მოგონება ჰქვია, თუ არ ვცდები ამ ფანჯარას… ამ ფანჯარამ ცოტა სული მომათქმევინა, თუმცა წარსულის ნოსტალგიამ დამახრჩო. ჩვენ, ემიგრანტები განა წარსულით არ ვცხოვრობთ?ვეფერებით მოგონებებში იმ წლებს დღეებს, საათებსა თუ წუთებს, რომლებიც საყვარელ ადამიანებთან გაგვიტარებია, მომავლის იმედით ვცოცხლობთ და წარსულთან მოფერებით, გოგოს ვუჯავრდები, ჯერ ერთი წლის წამოსულიც არა ვარ და მე რომ კარადის მეორე უჯრაში კაბა დაგიტოვე ის ჩაიცვი-მეთქი, გავიზარდე დედაჩემოო, იცინის – აღარ მერგებაო… ტვინში სისხლი მეყინება – გამიხარდეს თუ მეწყინოს… უფალმა გაგზარდოს შვილოო, თუმცა უჩემოდ, ჩემი მოფერებისა და ხელშეხების გარეშე იზრდები…
როდის მოგეფერები-მეთქი, ვეჩურჩულები ღამით ტელეფონში, თითქმის ერთად ვიძინებთ. რომ გაეღვიძება ღამით, მე მირეკავს, ვერ ვიძინებო… მე მიხარია, რომ შვილთან ახლოს ვარ, ვეჩურჩულები ტელეფონიდან, მერე ვგრძნობ მის სუნთქვას და ვხვდები, რომ ჩასძინებია… ერთხელ ტელეფონზე ხმა მქონდა ჩაწეული. არ ვიცი, დედაშვილურმა ინსტინქტმა თუ რამ გამაღვიძა დავხედე ტელეფონს და ელენე მირეკავდა – დე, შენი ხმა მომენატრაო -სიხარულისაგან ტირილში გავიგუდე. ღმერთო, რა მძიმეა დედაშვილობის შეჩერება, დაცალცალკევება- ყველაზე ძნელი ყოფილა, ბიჭს ისე ვეიმედები, მრცხვენია კიდეც, სადმე არ ჩავიმუხლო …მაგიტომ გავძლიერდი ალბათ…
უფალო, ყველა დედის გულისტკივილი შეიწყალე ,გაგვაძლიერე და დაგვაბრუნე ჩვენს შვილებთან ჩვენ ხომ ცოცხლად მოსიარულე აჩრდილები ვართ ამ უცხო მიწაზე… მინდა ისევ ისეთი ტკბილი და თბილი კერა მქონდეს ძალიან მინდა…”
თეონა ჭანტურია