ქართველი „მექორწილე მდივნები“ ემიგრაციაში, რომლებსაც ხშირად კარდაშიანების ოჯახს ადარებენ

ხუთი და-ძმიდან ერთი ძმა ჩაპლინის ცოლზე დაქორწინდა, მეორეს სალვადორ დალი ეტრფოდა, მესამე კონან დოილის ვაჟს გაჰყვა ცოლად, ხოლო მეოთხემ ბარბარა ჰატონი (ყველაზე მდიდარი ქალი იმ დროისთვის ამერიკაში) მოიყვანა.

როგორც ქართველი ემიგრანტი მიხეილ ქავთარაძე თავის მოგონებებში აღნიშნავს, ძმები მდივნები ქართული საქმეებითაც განთქმულები იყვნენ, 20-იან წლებში მთელი პარიზის ქართველობას ფინანსურად ისინი ეხმარებოდნენ.

„მექორწილე მდივნები“- ძმებმა ეს სახელი ამერიკულ და ევროპულ პრესაში ხმაურიანი და მდიდრული ქორწილების გამო დაიმკვიდრეს. ხუთ და-ძმას ჟურნალისტები ჰოლივუდის ვარსკვლავების გვერდით მოიხსენიებდნენ. მათი ოჯახის წევრებზე ახალი ინფორმაციის მოპოვება და ინტერვიუების ჩაწერა წამყვანი მედიისთვის ყველაზე პოპულარული თემა იყო.

ამერიკელებისთვის ეგზოტიკური წარმოშობის ძმებს სიყვარულში უტყდებოდნენ ევროპისა და ამერიკის ყველაზე ცნობილი და მდიდარი ქალები.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი ზაქარია მდივანი თავის ოჯახთან ერთად პარიზში გადასახლდა, მაგრამ სახსრების უქონლობის გამო, ზაქარიას ვაჟები კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ზღაპრული თავგადასავალიც დაიწყო.

როგორც მაშინდელ პრესაში ვკითხულობთ, ძმებმა არ გაუშვეს ჰოლივუდის არც ერთი ქალი. მათ შორის იყვნენ გრეტა გარბო, პოლა ნეგრი, მეი მიურეი,, ასევე მარლენ დიტრიხი და სხვები. ამერიკის ელიტური წრეებისთვის მათი ცხოვრების წესი საჩვენებელი იყო.

„მექორწილე მდივნებზე“ 20-30- იან წლებში არაერთი სტატია და წიგნი დაიწერა, მათ თავგადასავლებზე ფილმებიც გადაიღეს.

მდივნების ერთერთი ძმის, ალექსის ისტორია 1920-იან წლებში იძულებით ემიგრაციაში წასვლით დაიწყო –  20-30–იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა გენერალ ზაქარია მდივნის ხუთი შვილი – სერგი, ალექსი, დავითი, რუსუდანი და ნინო. მათ ხან აქებდნენ და აღმატებული ეპითეტებით ამკობდნენ, ხანაც არასახარბიელო კონტექსტით მოიხსენიებდნენ. ისინი ცნობილნი იყვნენ, როგორც “მექორწილე მდივნები”.

ზაქარია მდივანი ნიკოლოზ  II-ის ამალის გენერალ–მაიორი და მე–13 ლეიბ–გრენადერების ერივანსკის პოლკის მეთაური (1912-1915 წწ.), კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსი, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე იყო. მისი მეუღლე ელისაბედ სობოლევსკა, ნახევრად პოლონელი, საქართველოში გახლდათ დაბადებული და გაზრდილი. ზაქარიასა და ელისაბედს 1908 წელს შეეძინათ ალექსი.

1921 წ. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიის შემდეგ, ზაქარია მდივანი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა და თურქეთს შეაფარა თავი. ელისაბედი სტამბოლში გარდაიცვალა. ეს მძიმე დარტყმა იყო პატარა ალექსისათვის. თურქეთიდან მდივნები საფრანგეთში გადავიდნენ. ემიგრაციაში ოჯახს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა. ამის გამო ალექსი პარიზის ქუჩებში იწყებს ძველმანებით ვაჭრობას. წამოზრდილმა მტვირთავობა დაიწყო, 15 წლის ასაკში კი “პეჟოს” ქარხანაში მოეწყო მუშად, სადაც ხელფასი მცირე, მაგრამ სტაბილური ჰქონდა. სულ მალე ალექსის მხსნელად მამის ძველი ამერიკელი მეგობარი გამოუჩნდა, რომელმაც ბიჭი კემბრიჯშის კოლეჯში შეიყვანა. აქ გამოჩნდა ალექსის ნიჭი. ის არაჩვეულებრივად უკრავდა, მღეროდა, კარგი სპორტსმენი იყო და პოლოს გუნდის კაპიტანი გახდა.

კემბრიჯის დამთავრების შემდეგ ალექსი მდივანი ნიუ–იორკ სითი ბანკის პარიზულ განყოფილებაში მუშაობდა მენეჯერის თანამდებობაზე.

ალექსი მდივნის პირველი მეუღლე, ჰოლანდიური წარმოშობის ამერიკელის, ბეწვეულის მაგნატის ქალიშვილი, ლუიზა ასტორ ვან ალენი გახლდათ. ამ ქორწინებამ იმდროინდელ საზოგადოებაში დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. ალექსი მდივნისა და ლუიზა ასტორის ქონების შესახებ წერდა ჟურნალი “დიპლომატის რევიუ”. წყვილს შორის უთანხმოება ალექსის საქმიანობის გამო დაიწყო. კერძოდ, როდესაც საქართველოს ემიგრანტული მთავრობის საელჩო მთავრობის ლეგაციად გადაკეთდა, 24 წლის ალექსი მიიწვიეს მდივნად. იგი ხვდებოდა დიპლომატებს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, ყველგან აფიქსირებდა, რომ საქართველო რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული, საკუთარი ხარჯით გზავნიდა დელეგაციებს კონფერენციებზე, ეხმარებოდა საფრანგეთში მცხოვრებ გაჭირვებაში მყოფ ქართველებს. დელეგაციების კონფერენციებზე სიარულს, უსახსროთა დახმარებას დიდი თანხები და დრო მიჰქონდა. ეს ყველაფერი გაუგებარი იყო ლუიზა ასტორისათვის, თანაც ქალი,ძირითადად, ამერიკაში იმყოფებოდა, ალექსი კი განუწყვეტლივ მოგზაურობდა და წყვილი დაშორდა.

ალექსის მეორე მეუღლე, ამერიკის უმდიდრესი ქალი, “უნივერმაღების” მეფის ქალიშვილი ბარბარა ჰატენი იყო. წყვილმა ერთმანეთი აღმოსავლეთ შანხაიში გაიცნო და 1933 წ. 22 ივნისს პარიზში, წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ჯვარი დაიწერა. მრავალრიცხოვანი ქორწილი ოტელ “რიცში” გაიმართა. ახალდაქორწინებულების ფოტო “ნიუ–იორკ თაიმსმა” გამოაქვეყნა. ბარბარამ საქორწინოდ მეუღლეს საბედისწერო “როლს–როის ფანტომი” აჩუქა. ალექსი და ბარბარა ჯვრისწერის შემდეგ იახტით მსოფლიოს გარშემო გაემგზავრნენ. საქორწილო მოგზაურობისას იაპონიასა და ინდოეთში მდიდრულ საზეიმო შეხვედრებს აწყობდნენ, შემდეგ, ერთხანს, ამერიკაში ცხოვრობდნენ.

ალექსი ამერიკაში დიდხანს ვეღარ გაჩერდა, ქართული საქმეები უხმობდა –  სურდა საქართველოს დესპანის საქმეები ეკეთებინა და მეუღლესთან ერთად საფრანგეთში დაბრუნდა. ამ პერიოდისათვის ქართულ ემიგრაციას მძიმე პერიოდი ედგა. 1933 წ. რუსეთი ერთა ლიგაში შევიდა. საფრანგეთი იძულებული გახდა საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. ამიტომ საფრანგეთში რუსეთთან მტრულად განწყობილი საქართველოს ლეგაცია ვეღარ იარსებებდა. ლეგაცია ლტოლვილთა ოფისად გადაკეთდა. ოფისის დირექტორად სოსიპატრე ასათიანი, მდივნად კი ალექსი დაინიშნა. ახლა ალექსის უნდა ეპატრონა ემიგრანტი ქართველებისათვის… და ისიც, როგორც შეეძლო, პატრონობდა. ექვთიმე თაყაიშვილის რჩევით, ალექსიმ საფრანგეთსა და ბელგიაში თხუთმეტი ხელმოკლე ქართველი სტუდენტისათვის სტიპენდია დააწესა. როდესც ჩრდილოეთ ჩინეთში, ხარბინში იაპონელები შეიჭრნენ და ჩინეთის ოკუპაცია დაიწყეს, რკინიგზის გასწვრივ მცხოვრები ქართველები სახლებიდან ქუჩაში გამოყარეს. ალექსიმ ხარბინში ჩააკითხა ლტოლვილებს და ღია ცის ქვეშ დარჩენილებს ექვსსართულიანი სახლი უყიდა.

ბარბარა ჰატენისათვის, ისევე როგორც ლუიზა ასტორისათვის, სრულიად გაუგებარი იყო ალექსი მდავნის ქართული საქმეები. ბარბარა პარიზში დიდხანს ვერ გაჩერდა და ამერიკაში დაბრუნდა. სულ მალე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია ბარბარასა და თავად რევენტლოუს კავშირის შესახებ და დაწყო გაყრის პროცესი. 1935 წ. ალექსი და ბარბარა ერთმანეთს დაშორდნენ. ბარბარა ჰატენის აღიარებდა, რომ ისინი მშვიდობიანად დასცილდნენ ერთმანეთს…: ”ალექსი დარჩება ჩემთვის ერთ ყველაზე საუკეთესო ადამიანად მათ შორის, ვინც ოდესმე მცნობია”.

განქორწინების შემდეგ, ალექსი დასთან, რუსისთან, გაემგზავრა პალამოსის ვილაში ესპანეთში. 1935 წლის აგვისტოში პალამოსიდან ფიგეიროსში წვეულებაზე “როლს–როის ფანტომით” მიმავალი ალექსი მდივანი და ბარონი ტისენი მატარებელმა გაიტანა.

მეორე დღეს ამერიკული და ევროპული პრესა მომხდარ ავიაკატასტროფაზე ალაპარაკდა. ჟურნალისტები, რომლებიც ადრე ალექსი მდივანს ალფონსად და ავანტიურისტად მოიხსენიებდნენ, ახლა “მშვენიერი პრინცის” არაერთ ღირსებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ქართულ ემიგრანტულ პრესაში კი ყველაზე გამორჩეულ თანამემამულეს გლოვობდნენ. დიდი ქველმოქმედის, გიორგი მაჩაბლის გარდაცვალების შემდეგ, ალექსი მდივნის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ხელმოკლე ქართული ემიგრაციისათვის.

 

წყარო: სფიჩი