მიმდინარე წლის 17 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის ვლადიმერ კონსანტინიდის ხელმძღვანელობით გაიმართა საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს განაცხადების პირველი ეტაპის შედეგები და ასევე, შეთანხმდნენ მუშაობის შემდგომ პრინციპებზე. საგრანტო კონკურსის ფარგლებში 29 ქვეყნიდან შემოვიდა 87 განაცხადი. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის გამო, კონკურსის პირველი ეტაპი ვერ გადალახა 13-მა განმცხადებელმა, ხოლო 4 განმცხადებელმა აპლიკაციის ანულირება მოახდინა.
აღნიშნულ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. პროგრამის ამოცანაა თანამემამულეებისთვის ქმედითი დახმარების გაწევის გაგრძელება და იმ პროექტების დაფინანსება, რომელთა მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების შემდგომ ეტაპზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრებისთვის დახმარების აღმოჩენა ცხოვრების/საქმიანობის სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, მოქმედი დიასპორული და ჩვენი თანამემამულეების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობა.
საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 750.0000 ლარს, ხოლო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 20.000 ლარი.