მზია წულუკიძე 2 ქვეყნის ქართველი ემიგრანტია, რომელიც წლებია, უცხოეთში საქართველოსთვის ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, მისი ერთადერთი მიზანიც ესაა – ამაყად დაბრუნდეს სამშობლოში. თუმცა, მანამ სანამ ეს დღე დადგება, ქალბატონი მზია ამერიკიდან გვიზიარებს “ემიგრანტის დღიურს”, ჩვენ მიერ დასმულ კითხვებსაც საკუთარი ქვესათაურებით გამოყოფს და ზუსტად ისეთი გულწრფელობით გვესაუბრება, როგორიც დღიურს შეეფერება. მზია წულუკიძე სოციალურ ქსელში იმ ჯგუფს მართავს, რომელიც მრავალი ემიგრანტისათვის მხარდაჭერის სივრცედ იქცა – სივრცედ, სადაც ყოველდღიურ პრობლემებს ცოტა ხნით ივიწყებენ და ნაცრისფერ რეალობას გაურბიან.
_ მოგესალმებით, ქალბატონო მზია, უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევით, რამ განაპირობა თქვენი ემიგრაციაში წასვლა?
_ გამარჯობა, მე ვარ მზია წულუკიძე… ადამიანი, რომელმაც 20 წლის წინ ხელი ჩავკიდე ჩემს ორ მცირეწლოვან ვაჟკაცს და ჩემს მეუღლეს შევუერთდი საფრანგეთში, რომელიც ყოფილი მეზღვაურია და 1999 წელს დატოვა საქართველო. მიზეზი იმ დროისათვის საზღვაო კომპანიის ფაქტობრივად დაშლა იყო…ემიგრაციის მიზეზია -ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის…
_ ახლა რომ იღებდეთ გადაწყვეტილებას, გაივლიდით იმავე გზას?
_ ბევრჯერ მიფიქრია, ნეტა ახლა,ამ ასაკში როგორ მოვიქცეოდი-მეთქი. ალბათ, ვერ გავბედავდი… ახალგაზრდული წლები მაინც თავისას შვრება.
_ ემიგრაციაში ,ალბათ, ყველაზე რთული ოჯახთან განშორებაა, მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ…
_ ერთადერთი ტკივილი მამის თვალების არ დავიწყებააა, რომლის გახსენებისას ცრემლს ვერ ვიკავებ… მორახრახე მატარებლის ვაგონში ვისხედით… ვერ ვსაუბრობდით, მხოლოდ თვალებით ვესიყვარულებოდით ერთმანეთს – ის ჩემი მოუშუშებელი ტკივილია. დედა – მე მისი ხასიათი გამომყვა, გრძნობების გულში ჩაკლა…ვსაუბრობთ, ვეფერებით ერთმანეთს, ოღონდ არ ვწუწუნებთ…არ ვიმჩნევთ, თუ როგორ გვიჭირს ერთმანეთის გარეშე. როცა ვხდებით, ცრემლმა უნდა დაგვჯაბნოს ,ერთმანეთს ვემშვიდობებით. მე და ჩემი მეუღლე – გია ხავლოშვილი, 27 წელია, ერთად ვართ. მხოლოდ შტატებმა დაგვაშორა დროებით, ყოველ 4 თვეში მსტუმრობს, მაგრამ მაინც ეცოტავება. თუმცა, ამ დროებით განშორებასაც მალე დავუსვამთ წერტილს. სამი ვაჟკაცის დედა ვარ, სამი უსიმპატიურესი ბიჭის. ამათგან ორი ტყუპის, ბებია და ორი უმშვენიერესი გოგოს დედამთილი ვარ. თორნიკე. ბექა, ლუკა ,დემეტრე,ნოე,იოანე ,ნინი,ლილიანა… მრავალწერტილს დავსვამ ,რადგან არ მყოფნის რაოდენობა ,ჯერ კიდევ უნდა გავმრავლდეთ. სახელებიდან გამომდინარე მიხვდით ალბათ, ოჯახის ტრადიცია არ დაირღვა და ჩემმა შვილებმაც ქართული ოჯახი შექმნეს შუაგულ ევროპაში, ჩემს ოჯახში ბავშვები ენის ადგმას ქართულად იწყებენ, ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა.
_ რატომ მიიღეთ ევროპიდან ამერიკაში გადასვლის გადაწყვეტილება? რატომ გახდით 2 ქვეყნის ემიგრანტი?
_ მე და ამერიკა – ალბათ მკითხველს გაუკვირდება, ევროპაში დაფუძნებულს ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება რამ მიგაღებინათო. გაგიკვირდებათ და მიზეზი -საქართველოა. მე მყარი საფუძველი და დასაყრდენი მინდა შევქმნა საქართველოში, რომ წელგამართული დავბრუნდე. მიზნის 80 პროცენტი მიღწეულია… დღეს მე ორი ქვეყნის ემიგრანტი თუ მიგრანტი ვარ – რაც გინდათ ის. ევროპამ ბევრი რამ მასწავლა, ამერიკამ კი ფიქრს მიმაჩვია, ზოგჯერ ხმამაღლა მეფიქრება და უნებურად ფურცლებს ვუზიარებ. ურთულესია ამერიკის ცხოვრება, მორალურად, ფსიქოლოგიურად უნდა იყო ძლიერი. ისე ვერ გაუძლებ, დაგჯაბნის, ბოლოს მოგიღებს, გაგაგიჟებს… მოგენატრა? გაგიჭირდა? ვერ გაიქცევი,ოკეანეს ვერ გადაცურავ… ამიტომ ამერიკაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს გმირებს ვუწოდებ… თანამედროვე გმირებს… ჩაკეტილი სივრცე, სადაც ქართველ ემიგრანტების უმეტესობას გვიწევს მუშაობა… აქ არ ვსაუბრობ ფიზიკურ სირთულეზე. აქ სულიერი სიმარტოვე უნდა დაამარცხო…
_ როგორ ამარცხებთ “სულიერ სიმარტოვეს” შორს, ოკეანის მიღმა?
_ მე და ვაკუუმი… თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთის რჩეული ვარ, მსუბუქი სამსახურები მხვდება, ამის დამსახურებაა ჩემი აქტიურობა ინტერნეტ სივრცეში, უამრავი ადამიანის ბედნიერების მინიჭებით გამოწვეული სიხარულის გაზიარება ჩემი ჯგუფის – “ემიგრანტის დღიურები ამერიკიდან”, რომელიც ადამიანური ურთიერთობის ნაკლებობის საფუძველზე შეიქმნა. მე ამ ჯგუფმა გადამარჩინა, მან შემივსო ნაწილობრივ ჩემი ოჯახის მიტოვებით გამოწვეული სევდა. ეს ჯგუფი ყველა ემიგრანტისათვის საყვარელ, დამამშვიდებელ ადგილად შეიქმნა, სადაც ვკამათობთ კორექტულად, აზრებს ვცვლით, ვმსჯელობთ, ვეხმარებით ერთმანეთს, კითხვებს ვსვამთ, ვპასუხობთ… ვეწევი საქველმოქმედო საქმიანობას სახელწოდებით “10-დოლარიანი აქცია”. 10 დოლარი პირობითად, რადგან ხალხს მცირედი თანხითაც შეეძლოს სიკეთის კეთება. ჩემი ყველზე დიდი მონაპოვარი ამერიკაში , ეს არის ხალხის ნდობა. ენით ვერ აღგიწერთ, რა განცდაა, როცა ვიღაცა უპირობოდ გენდობა. აქ არ არის მხოლოდ თანხის ნდობაზე საუბარი. როცა უცხო ადამიანს, სულის სანუგეშებლად შენთან,უცხო ადამიანთან საუბარი მოუნდება და გეუბნება – არ ვიცი, რატომ ამოგირჩიეთ თქვენ, მაგრამ მე თქვენ გენდობითო – ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ.
_ აუცილებლად უნდა გკითხოთ პანდემიაზეც, რა შეცვალა კოვიდ19-მა თქვენს ცხოვრებაში? რაიმე ახალი ჰობი ხომ არ აღმოგიჩენიათ კარნტინში?
_ მე და პანდემია – ამ პერიოდში მე არ მქონია დრო საკუთარი შვილებისა და ოჯახისათვის, საკუთარი თავისათვის, რადგან ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად შექმნილი იყო კრიზის ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებული იყო მოხალისე ექიმების, ფსიქოლოგების, ნავიგატორების, მობილური ჯგუფებისაგან. ყველა ვმუშაობდით 24-საათიან რეჟიმში… ის პერიოდი ყველა ჩვენი თანამემამულის ცხოვრებით ვცხოვრობდით, ერთად გვტკიოდა, ერთად გვიხაროდა…სხვათაშორის, ამ პერიოდში კრიზის ცენტრიდან ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე. გადაიარა პანდემიამ და სიმშვიდემ დაისადგურა… ისეც მდორე და ბევრად გაუსაძლისი გახდა ყოფა , რაც ადრე იყო. რაღაც უნდა მომეფიქრებინა, დეპრესიას რომ არ შემოეტია, მე საკუთარ თავს არ ვეკუთვნი. ბევრი ადამიანი შემომყურებს იმედის თვალით და სტიმულს ჩემგან ელოდებიან, ერთ დღეს მეგობრის დაჟინებული თხოვნით, ინტერნეტ პროგრამით სიმღერა ჩავწერე, მოეწონათ. მეც გავერთე, გაამართლა… ვნახე, რომ სიმღერასთან ერთად, არტისტიზმის ნიჭიც საკმაოდ მქონია… ამბობენ სასწაული იუმორი და ღიმილი მაქვს, არ ვიცი, ეს სხვებს უნდა ვკითხოთ… ასევე აღმოვაჩინე,როცა ძალიან მტკივა, მუზა მსტუმრობს… ერთერთი ასეთი დიდი ტკივილი იყო, როცა გარკვეული მიზეზის გამო შვილის ქორწილს ვერ დავესწარი და ცრემლით ფურცლები დავასველე… სტრიქონი სტრიქონს მისდევდა, იმ დღეს მე მარტო არ ვიყავი… ყველა ემიგრანტი დედის სატკივარს ვახმოვანებდი;
“ შენ შვილის ქორწილი გაქვს.
ჯერ ვერ ხვდები თუ რა ხდება შენს თავს.მთლიანად ჩართული ხარ საქორწილო სამზადისში.
ამაყი ხართ ქალბატონო ,ამაყი. ყველაფერი გრანდიოზული გიყვარს,მდიდრული და ქორწილიც ესეთი გინდა… აკვირდები ,აკონტროლებ.
არ გინდა ,არც ერთი ნიუანსი გამოგეპაროს…
ნერვიულობისთვის დრო არ გრჩება…
ტელეფონით ხელში იძინებ და იღვიძებ… საუკეთესო გიყვარს ყველაფერი ცხოვრებაში და შვილის ბედნიერების დღეც საუკეთესო გინდა იყოს…
ვერავის ვერ ანდობ მათი ბედნიერების დღეს და პროფესიონალების ძებნას იწყებ…
კიდეც პოულობ…
დღე დღეს მისდევს…
ემიგრანტი დედის სახელი გქვია და ემიგრანტულად უნდა გაუძლო…
ბუზღუნებ…
ჯუჯღუნებ…
კამათობ…
ათანხმენ…
ბოლო ნიუანსის შეათანხმე და ფიქრობ… ჩემი შვილების ქორწილის დღეს მეც უნდა ვიდედოფლო…
უფლება არ მაქვს, ჩემს შვილებს ჩემი გულის ტკივილი ვაჩვენო…
ეს დღე მათია და ბედნიერები უნდა იყვნენ ,ჩურჩულებ შენთვის…
არ გინდა, შენი ჩურჩული ნიავმაც რომ გაიგოს.
ეს ტკივილი მხოლოდ შენია…შენი…
საათს დაჰყურებ… იქ ,შორეულ საქართველოში უკვე თენდება…
აქ კი ძილის დროა…
ვერ იძინებ… იქ ხარ ,შენს ოჯახთან…
მზია, არ გძინავს? მეუღლის მესიჯი შემოდის. დაისვენე ცოდო ხარ. -მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ-ვბუტბურებ ჩუმად…
როგორ დაიძინებ, როგორ მოისვენებ, მაგრამ ძილი მაინც თავისას შვრება და…
და ტელეფონზე ზარია… -დედი,დე…ჯვარი უკვე დავიწერეთ…
ეკრანზე შვილების ბედნიერ სახეს ვხედავ…
ცხვირის ნესტოსთან ტკივილი ვიგრძენი ,რომელმაც ძვლამდე მიაღწია…
ის ტკივილი ,რომელიც ყველა ემიგრანტი მშობლის ხვედრია…
ვხედავ, სადაცაა ცრემლი იხუვლებს თვალიდან ,მაგრამ ჩემს თავს ვეჩხუბები -შენ არ გაქვს ამის უფლება…
იქ მხიარულობენ, სასმისი სასმისსზე იცლება… მოლოცვა მოლოცვაზე მომდის… ვიდეო ვიდეოზე… ზარები საფრანგეთიდან… საქართველოდან… ამერიკიდან… გილოცავენ ,მაგრამ შენ იქ ხარ… იქ, სადაც წესით უნდა იყო…
თვალები დავხუჭე და წარსულში გადავეშვი…
-დე-ოთახში პატარა ბექა შემორბის. – დე, დღეს სკოლაში მშობელთა კრებაა და შენებურად გამოიპრანჭე, ხო?…
უცებ მოვფხიზლდი…
ხო შვილო… მასე ვიზამ…
ჩვენ დღეს სულიერად მაინც ერთად ვიქნებით შენი დედა ისეთი იქნება ,როგორიც შენ გინდა…
და მე მარტო ვიდექი სასმისით ხელში…
ყელმოღერებული…
მედიდური გამოხედვით…
მაგრამ გულში დიდი ტკივილით… ტკივილით, რომელიც კარგად შევფუთე, ის მხოლოდ ჩემია…
ტკივილი,რომელიც მაძლიერებს… ”
_ დასასრულს საქართველოზე მინდა გკითხოთ – ხშირად ამბობენ, რომ ყველა ემიგრანტს საკუტარი პატარა საქართველო მუდამ თან აქვს, როგორია თქვენი საქართველო აშშ-ში?
_ მე და სამშობლო… ჩემთან საქრთველოში- ასე ვიწყებ უცხოელთან ჩემი ქვეყნის წარდგენას- ხო, იქ, ჩემს სამშობლოში ზღვაც სხვანაირია.. .მისი კენჭიც უფრო ფერადია. სამშობლოში დასაძინებლად გამზადებული მზეც, რომელიც ზღვის ლუკმა ხდება ყოველ საღამოს, ისიც კი სხვანაირია, რომელიც მხოლოდ გათბობს და არ გწვავს… ჩემთან საქართველოში ხალხია სხვანაირი, თბილი, მოსიყვარულე … ნენეს კალთაც განსხვავებულია… მომნატრებიხარ, ჩემო საქართველო. წუწუნი არ მჩვევია, ეს გზა მე თავად ავირჩიე… ავირჩიე, მაგრამ მაინც არის რაღაც, რაც გაფიქრებს… ვზივარ შუშაბანდში და ჩემს წინ ულამაზესი სანახაობა იშლება. სანახაობა, რომელიც მშვენიერებასთან ერთად, სევდასაც გმატებს… ვზივარ და ეზოში მიმოფანტულ უსიცოცხლო ფოთლებს გავყურებ …
არ მინდა, რამეზე ვიფიქრო ,მაგრამ ის მე არ მეკითხება… ჩემი ფანჯრებიდან გზა მოსჩანს გზა, რომელსაც ყველა ამერიკელი სახლში მიჰყავს, ჩვენი გზააა? არა ,ეს გზა ჩვენი არაა. ის ჩვენს სახლამდე ვერ მიგვიყვანს. ვზივარ და ნაღველი შემომაწვა. წამია ადამიანის ცხოვრება და ამას ყველაზე მეტად მაშინ შეიგრძნობ, როდესაც რაღაც გაწუხებს. ხო, რაღაც სისუსტე მაწუხებს და ახლა ,როგორც ჩემს თვალწინ ხიდან მოწყვეტილი ფოთოლი ენარცხება ძირს, შეიძლება ისე დავენარცხო. დაეცემი და მორჩა… მხოლოდ სახელი დაგრჩება. ემიგრანტი ქალის სახელი… ყველა თავისებურად ეჭიდება ამ ტვირთს. მიუხედავად სამყაროს სიდიდისა, ის მაინც პატარააა. იმდენად პატარაა, რომ ყველას სახელს იმახსოვრებს. მალე ზამთარი მოვა. ზამთარი,რომელიც სულს გაყინავს.
სხვისი ბებოსთვის ანგელოზად მივლენილები,საკუთარ შვილიშვილებისათვის ეკრანის ბებო ვართ. გტკივა… გტკივა შენი ცხოვრების განვლილი წლები, რომლებიც დაკარგე. კადრივით უკან გადაახვიე, მაგრამ ვერაფერს ცვლი… გისოსები, რომლებიც თავად შევქმენით. ამერიკა თავისუფლების ქვეყანაა, ჩვენთვის კი… დამიძახე, საქართველოვ… თუნდაც მაგრძნობინე, რომ შენც გჭირდები… დავიკარგეთ, საქართველოვ… შვილები გეკარგებით… ყველას დავითობას და თამარობას ნუ მოგთხოვ, საქართველოვ… როგორიც ვართ, ისეთი შეგვიყვარე… ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით…
თამუნა ზარანდია