თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატის მიერ მიღებულ იქნა ახალი რეგულაცია უცხოელთა ქვეყანაში ყოფნის ლეგალურ ვადებთან დაკავშირებით. რეგულაცია ძალაში 14 ივლისიდან შევიდა.
„თურქეთში შესვლის აკრძალვა“.
1. მიუხედავად იმისა, დარღვეული აქვთ თუ არა ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები, ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკაში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება შემდეგ პირებზე:
ა. 3 თვემდე (არა 3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებზე, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს და იხდიან ფულად ჯარიმას;
ბ. 3 თვემდე (არა 3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან ფულად ჯარიმას;
2. იმ პირების მიმართ, რომლებსაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში ყოფნის ლეგალური ვადები და ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით ტოვებენ ქვეყანას, მიღებულ იქნება 1 თვიდან 5 წლამდე ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება:
ა. 3 თვეზე მეტი (3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან ფულად ჯარიმას;
მე-2 პუნქტში შემავალი პირებისათვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის განსაზღვრის სქემა:
☑️ 3 თვიდან – 6 თვემდე ვადის დარღვევა: 1 თვის ვადით აკრძალვა
☑️ 6 თვიდან – 1 წლამდე ვადის დარღვევა: 3 თვის ვადით აკრძალვა
☑️ 1 წლიდან – 2 წლამდე ვადის დარღვევა: 1 წლის ვადით აკრძალვა
☑️ 2 წლიდან – 3 წლამდე ვადის დარღვევა: 2 წლის ვადით აკრძალვა
☑️ 3 წელზე მეტით ვადის დარღვევა: 5 წლის ვადით აკრძალვა
3. უცხოელებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები და საკუთარი ნებით ან შესაბამისი ორგანოების ჩარევით იძულებით ტოვებენ ქვეყანას, შეეფარდებათ 3 თვიდან 5 წლამდე თურქეთის რესპუბლიკაში შემოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება, შემდეგ შემთხვევებში:
ა. ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, თუმცა არ იხდიან №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
ბ. 3 თვემდე (არა 3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და/ან არ იხდიან №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
გ. 3 თვეზე მეტი (3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომელთა შესახებაც გამოტანილ იქნა ქვეყნიდან დეპორტაციის გადაწყვეტილება, ან ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
დ. უცხოელებს, რომელთაც უარი ეთქვათ ბინადრობის ნებართვის პირველად გაცემა/განახლებაზე ან შეუწყდათ ბინადრობის ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ გადაკვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
ე. უცხოელებს, რომელთაც უარი ეთქვათ სამუშაო ნებართვის პირველად გაცემა/განახლებაზე ან შეუწყდათ სამუშაო ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ გადაკვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
ვ. უცხოელებს, რომელთაც შეუძლიათ ვიზით ან ვიზის გარეშე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღის მანძილზე 180 დღის განმავლობაში და რომელთაც აღნიშნული პერიოდის სრულად გამოყენების შემდეგ, მიეცათ ქვეყანაში ხელახლა შემოსვლის უფლება 10 დღის განმავლობაში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანის ვალდებულების პირობით და არ მიუმართავთ შესაბამისი უწყებისათვის; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
ზ. უცხოელებს, რომელთაც პატიმრობაში/ზედამხედველობის ქვეშ ყოფნის გადაწყვეტილება შეეცვალათ ალტერნატიული ზომებით; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
თ. უცხოელებს, რომლებიც შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე, ბადრაგის ზედამხედველობით დეპორტირებულ იქნენ ქვეყნიდან; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
მე-3 პუნქტში შემავალი პირებისათვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის განსაზღვრის სქემა:
☑️ 3 თვემდე ვადით დარღვევა: 3 თვის ვადით აკრძალვა
☑️ 3 თვიდან – 6 თვემდე ვადით დარღვევა: 6 თვის ვადით აკრძალვა
☑️ 6 თვიდან – 1 წლამდე ვადით დარღვევა: 1 წლის ვადით აკრძალვა
☑️ 1 წლიდან – 2 წლამდე ვადით დარღვევა: 2 წლის ვადით აკრძალვა
☑️ 2 წელზე მეტი ხნის ვადით დარღვევა: 5 წლის ვადით აკრძალვა
4. თუ მანამდე პირის მიმართ გამოტანილი ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ვადა ამოწურულია, მაგრამ მოქალაქეს არ გადაუხდია №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრული ან სხვა კატეგორიის ფულადი დავალიანებები, №6458 კანონის მე-7 და მე-15 მუხლების საფუძველზე, ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა.