საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგრანტო პროგრამას – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ 2019 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მორიგი საგრანტო პროექტი ხორციელდება, რომელიც COVID-19-ის გავრცელების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების შემდგომ პერიოდში, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად, მათი საქმიანობის სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად და აგრეთვე, მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის შეიქმნა. კონკურსი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის 20 მაისს გამოცხადდა და 23 ივნისს მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენის ვადა დასრულდა.
რამდენად მაღალი იყო საზოგადოების ინტერესი და რა ეტაპზეა ახლა საგრანტო კონკურსი? ასევე როგორ მუშაობს, რა პრიორიტეტები აქვს ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, კიდევ რა პროექტები ხორციელდება და რა იგეგმება სამომავლოდ, ამაზე ვიდეობლოგში ,,მედიატორი“ დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუხრან გულაღაშვილი საუბრობს.
,,თუ დინამიკას გადახედავთ ვნახავთ, რომ დაინტერესება საგრძნობლად გაზრდილია. გასულ წელს 17 ქვეყნიდან 29 გამარჯვებული გამოვლინდა, ახლა არეალი გაფართოვდა და 29 ქვეყნიდან მივიღეთ განაცხადები. სასიამოვნოა, რომ სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება პროცესი. ჩვენ გვაქვს სხვა არაერთი პროექტი ემიგრანტებისთვის და ეტაპობრივად ვახორციელებთ ყველა მათგანს. ეს იქნება მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ღვაწლმოსილი თანამემამულეებისთვის ასევე კულტურული მიმართულებით ანსამბლებისა თუ სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. მინისტრი უცხოეთში ყოველი ვიზიტისას ხვდება დიასპორის წარმომადგენელებს, რაც არ უნდა გადატვირთული გრაფიკი ჰქონდეს და ამ შეხვედრებისას გამოჩნდება ხოლმე ის საჭიროებები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია ჩვენი მხრიდან. ასევე იბადება საინტერესო იდეები, მომავალში საქმედ რომ უნდა იქცეს,“- ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ საუბრისას მუხრან გულაღაშვილი.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"