საუკუნეზე მეტი ხნის წინ ალექსანდრე წუწუნავამ პირველი ქართული მხატვრული ფილმი, “ქრისტინე” გადაიღო. ფილმმა, რომელშიც ერთი ლამაზი, სოფლელი გოგოს ტრაგედიაა ასახული, მაყურებლის თანაგრძნობა და სიყვარულიც დაიმსახურა. მართალია, ფილმი კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი არ ყოფილა, მაგრამ რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ სწორედ ამ ფილმით დაუდო სათავე ქართული მხატვრული კინოს ისტორიას…
ფილმის გადაღება 1916 წელს რუსეთის იმპერიის ტფილისის გუბერნიაში დაიწყო, ხოლო პრემიერა 1919 წელს, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში, დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავზე შედგა.
ფილმის გადაღების იდეა გერმანე გოგიტიძეს ოზურგეთში, საკუთარ კინოთეატრში ერთ-ერთი იტალიური ფილმის ნახვის შემდეგ გაუჩნდა. მანვე შეარჩია ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „ქრისტინე“. შეაგროვა კინოს გადასაღები ფული, რაშიც ბართლომე კილაძე და ნოე სიხარულიძე დაეხმარნენ. 1915 წლის 5 ივლისს გაზეთ „თეატრ და ცხოვრებაში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ფილმ „ქრისტინეს“ გადაღება იგეგმებოდა. ფილმის რეჟისორად გოგიტიძემ ალექსანდრე წუწუნავა აიყვანა. წუწუნავა კარგად იცნობდა მასალას, რადგან „ქრისტინე“ პოლიო ირეთელის 1909 წლის სცენარის მიხედვით დადგმული ჰქონდა თბილისის, ჭიათურისა და ბაქოს თეატრებში.
პირველ ხანებში ფილმს არაპროფესიონალი ოპერატორი იღებდა, მაგრამ შემდეგ გოგიტიძემ მიიწვია ალექსანდრე შუგერმანი, სამხედრო ქრონიკების კინოოპერატორი. ამისთვის მას ამიერკავკასიის უმაღლესი სარდლობის ნებართვა დასჭირდა. გადაღებები თბილისსა და გურიაში მიმდინარეობდა. სოფელ ლიხაურში გოგიტიძემ გლეხისგან სამზადი სახლი შეიძინა და მას სახურავი და ერთი კედელი მოაცილა, რათა გადასაღები ადგილი კარგად განათებულიყო.
წუწუნავასა და გოგიტიძეს უთანხმოება მოუვიდათ ქრისტინეს როლის შემსრულებლის შერჩევასთან დაკავშირებით. გოგიტიძეს ამ როლზე ანეტა ქიქოძე, მხატვარ შალვა ქიქოძის და სურდა. წუწუნავამ კი არჩევანი ანტონინა აბელიშვილზე შეაჩერა. აბელიშვილი 40 წლის იყო, მაშინ როცა ქრისტინე 15-16 წლის უნდა ყოფილიყო, მაგრამ წუწუნავამ თავისი გაიტანა. რეჟისორი ქიქოძეს იმიტომ იწუნებდა, რომ ეს უკანასკნელი ქრისტინეს როლს თეატრში ასრულებდა და წუწუნავა შიშობდა, ქიქოძეს კინოში თეატრალური შტამპები არ შეეტანა. სხვა ვერსიის მიხედვით კი წუწუნავასა და აბელიშვილს რომანი ჰქონდათ. გოგიტიძესა და წუწუნავას უთანხმოება ჰქონდათ ოპერატორთანაც, ერთხელ სოფელ აჭში გადაღებების დროს წუწუნავამ შუგერმანს ხელიც ჰკრა და გორაკიდან დააგორა. შუგერმანი დაითხოვეს და მის ნაცვლად ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი გახდა.
1916 წელს წუწუნავამ ფილმის სამი ნაწილი გადაიღო, პარალელურად კი ბაქოს დრამატულ თეატრში დგამდა სპექტაკლებს, რაც გადაღებებს აჭიანურებდა, 1917 წელს კი სულ მიატოვა გადაღებები და როსტოვში გაემგზავრა, სადაც კონტრაქტი ჰქონდა იქაურ თეატრთან. ბაქოსა და როსტოვში წუწუნავა 1918 წლის ბოლომდე გაჩერდა. მას აკმაყოფილებდა, რაც გადაიღო. მისი ვერსიით, ფილმი ქრისტინეს თბილისში ჩასვლით უნდა დასრულებულიყო. გოგიტიძეს კი ფილმის გამძაფრება სურდა, ამიტომ მან თავად გადაიღო ბოლო ორი ნაწილი. გადაღებები 1917 წლის ოქტომბერში დასრულდა.
ფილმი ეკრანებზე გამოსასვლელად მზად იყო 1918 წლის აპრილში, მაგრამ გურიაში ოსმალეთის იმპერიის ჯარები შეიჭრნენ და ოზურგეთი და რამდენიმე სოფელი დაიკავეს. ოსმალებმა გაანადგურეს გოგიტიძეს ქონება და ფილმის ორიგინალი ფირი. მხოლოდ თბილისში შენახული ასლების მეშვეობით მოხერხდა ფილმის აღდგენა.
პრემიერა 1919 წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წლისთავზე კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართა. გოგიტიძემ ფილმის ჩვენებები მთელ საქართველოში გამართა. იქ, სადაც ელექტროენერგია არ იყო, ის საბარგო მანქანაზე დამონტაჟებული სპეციალური დანადგარით აჩვენებდა მაყურებელს.მიუხედავად ამისა, ფილმი კომერციულად მაინც წაგებიანი აღმოჩნდა.