მიხეილ გრიგორაშვილი (მაიკლ გრეგორი) მსოფლიო ავიაციის ისტორიის სათავესთან გვხდება. ქართველმა ავიაკონსტრუქტორმა და მფრინავმა დიდი წვლილი შეიტანა რუსეთის, ამერიკისა და კანადის საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაში. ის ერთ-ერთი პიონერი იყო სფეროში.
მიხეილ გრიგორაშვილი დაღესტანში, ქალაქ დრუმანდში დაიბადა. განათლება ჯერ რუსეთში მიიღო, მოგვიანებით კი კვალიფიკაცია საფრანგეთში აიმაღლა. 1921 წელს, ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, გრიგორაშვილს აშშ-ში ემიგრაციაში მოუწია წასვლა, რის შემდეგაც სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.
ამერიკაში ჩასვლისთანავე ავიაკონსტრუქტორმა მუშაობა როდ–აილენდის შტატის მცირე საავიაციო ქარხანა – “Gallandet Aircraft”–ში დაიწყო. მალე ის “Dayton-Wright Company”-ში გადავიდა სამუშაოდ. მოგვიანებით კი ლონგ-აილენდზე, გარდიან-სიტიში განლაგებული ამერიკაში უმსხვილესი საავიაციო ფირმა “Curtiss – Wright” დაიწყო კონსტრუქტორად მუშაობა. 1926 წელს ამერიკის მოქალაქეობის მიღებასთან ერთად, მან გვარიც შეიცვალა და მაიკლ გრეგორი გახდა. 1928 წელს ის საავიაციო ფირმა “Bird Aircraft”–ის მთავარი კონსტრუქტორი გახდა, თუმცა რამდენიმე წელში კომპანია გაკოტრდა და მიხეილ გრიგორაშვილი კომპანია “Seversky Aircraft”–ში გადავიდა სამუშაოდ მთავარი კონსტრუქტორის მოადგილის თანამდებობაზე. აქ მან უშუალო მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავთა SEV-1, SEV-2, SEV-3 და მათი მოდიფიკაციების შექმნაში.
1934 წელს მიხეილ გრიგორაშვილმა საკუთარი კომპანია „Gregor Aircraft“ დაარსა, სადაც მსუბუქი თვითმფრინავი “GR-1” დააპროექტა. ორი წლის შემდეგ, ის კანადაში გადავიდა სამუშაოდ კომპანია “Canadian Car and Foundry“-ში, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გამანადგურებელი ბიპლანი FDB-1 შექმნა. 1940-იან წლებში იგი კომპანია “Chase Aircraft”-ში მუშაობდა, 1954 წლიდან სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს მისი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-123.
მაიკლ გრეგორი 1953 წელს ნიუ ჯერსის ქალაქ ტრენტონში გარდაიცვალა.