,,ქართულ კვირასა“ და ასოციაცია ,,ქართველთა კულტურის კერა ლაზს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა და ასოციაციის პრეზიდენტმა ეკა ბოდოკიამ.
ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ 2009 წელს ქალაქ პარიზში დაარსდა. კულტურის ცენტრის ჩამოყალიბება განაპირობა იმ ფაქტმა რომ, საფრანგეთში მიუხედავად ქართველი ემიგრანტების დიდი რაოდენობისა, არ არსებობდა ბავშვებისთვის ქართული სკოლა და კულტურის ცენტრი. ,,ლაზს“ აქვს კულტურული, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი დატვირთვა. ასოციაციის მიზანს წარმოადგენს თანამემამულეებისთვის ინტეგრირებაში ხელშეწყობა და ქართული კულტურის ფრანგებისთვის მეტად გაცნობა.
,,მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა იწყება. ემიგრანტები ყურადღებას უნდა გრძნობდნენ საქართველოდან, თუნდაც ქართულ მედიასთან მჭიდრო ურთიერთობით. უნდა შუქდებოდეს, მათი ყოფა-ცხოვრება, ისტორიები, საქმიანობა-მოღვაწეობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ საუბარში ეკა ბოდოკია.
ანა ჩანგიანი, მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციული დირექტორი- ,,გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს კავშირს ჩვენს ემიგრანტებთან საფრანგეთში. ,,კულტურის კერა ლაზი“ თავის მრავალწლიანი საქმიანობით ამტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ორგანიზაციის არსებობა ქართველი ემიგრანტებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ მათი საქმიანობა უფრო უკეთ გაშუქდეს და წარმოჩინდეს.“