ქობულეთსა და შუახევს ახალი სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტი შეემატება

გარდამავალი მარშრუტი კინტრიშის ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან, ჭვანის ხეობასთან და გომის მთასთან დააკავშირებს. მარშრუტი შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით, 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტს შექმნის.

ახალ ტურისტულ ბილიკზე მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტის სრულ მარკირებას, მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების დამზადება-დამონტაჟებას, მარშრუტის რუკის მომზადებასა და საოჯახო-სასტუმრო სახლების შერჩევას, ზაფხულის განმავლობაში განახორციელებს. წელსვე, მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება ინფოტური გიდებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის.