22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე (Marché du Film Online) საქართველოს პავილიონს მეცამეტედ წარადგენს.
კორონავირუსის პანდემიის გამო კინობაზრობა წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება. საქართველოს ვირტუალურ პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით.
კინოცენტრი ორგანიზებას გაუწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, როგორიც არის კინოინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან შეხვედრა ან პროექტების პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება ქართველ კინემატოგრაფისტებს ერთობლივი წარმოების ფილმების შექმნასა და დამატებითი ინვესტიციის მოპოვებაში. კანის ვირტუალური კინობაზრობისთვის ემზადებიან ქართველი კინემატოგრაფისტებიც. ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, აკრედიტაცია უკვე გაიარეს გიორგი ქობალიამ, ვაკო კირკიტაძემ, ვლადიმერ კაჭარავამ, ნანა ჯანელიძემ, ციაკო აბესაძემ, ნინო ჩიჩუამ, თეკლა მაჭავარიანმა, ნოდარ ნოზაძემ, კახა მაჭარაშვილიმა და ქეთი კალანდარიშვილმა.
მათ უკვე მოპოვებული აქვთ ეროვნული კინოცენტრის სრულმეტრაჟიანი ფილმების წარმოების დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ ინდუსტრიულ პროგრამაში Cannes Docs მონაწილეობს შორენა თევზაძე დოკუმენტური ფილმის პროექტით “მცხუნვარე მზეზე”.
24 ივნისს პრეზენტაცია გაიმართება ონლაინ, პროექტ Circle Women-ის ფარგლებში და მას პროდიუსერები, დისტრიბუტორები, ფესტივალების, ფონდებისა და ტელევიზიების წარმომადგენლები დაესწრებიან. საქართველოს ვირტუალურ პავილიონში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა დეა კულუმბეგაშვილის ახალ ფილმს „დასაწყისი“, რომელიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი “უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა” აჩვენეს სექციაში “რეჟისორთა ორკვირეული”.
საქართველოს ვირტუალური პავილიონის სტუმრები ასევე გაეცნობიან ინფორმაციას თანამედროვე ქართული კინოინდუსტრიის, ქართული კინომემკვიდრეობისა და პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ შესახებ“