,,ქართული კვირა“ და კულტურული ასოციაცია “რომის ქართული დიასპორა” ურთიერთანამშრომლობას იწყებენ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა და ასოციაციის პრეზიდენტმა ეკატერინე კაჭარავამ. თანამშრომლობის ფარგლებში, მოხდება ინფორმაციების გაცვლა, ასოციაციის საქმიანობის ფართოდ გაშუქება და ასევე დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს მჭიდრო კავშირს ემიგრაციაში მყოფ ადამიანებთან.
კულტურული ასოციაცია ,,რომის ქართული დიასპორა” შეიქმნა 2018 წელს. ორგანიზაციის დაარსების მიზანი თავიდანვე საქართველოსა და იტალიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და ქართული კულტურის პოპულარიზაცია იყო. ასოციაცია ატარებს სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს რომსა და ლაციოს რეგიონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის.
,,ვფიქრობ, ეს შეთანხმება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს მჭიდრო კავშირს იტალიასთან, კერძოდ რომსა და ლაციოში მყოფ ჩვენს ემიგრანტებთან. ჩვენ შევეცდებით, ერთობლივად ჩავუყაროთ საფუძველი კარგ წამოწყებებს, რომლებიც მათკენ იქნება მიმართული. მხარს ვუჭერთ ასოციაციის საქმიანობას და მის პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას”,- ამბობს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციული დირექტორი, ანა ჩანგიანი.
ეკატერინე კაჭარავა, ასოციაციის პრეზიდენტი- ,,ჩვენი ყველა წამოწყება მიმართულია რომსა და ლაციოს რეგიონში მცხოვრები ქართველებისკენ, გვინდა გავალამაზოთ და საინტერესო გავხადოთ მათი ცხოვრების პერიოდი უცხოეთში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით. გვაქვს პროექტები, ზოგი წარმატებით დასრულებული და ზოგიც დაწყებული, მაგრამ გაჩერებული (პანდემიის გამო), წინ კიდევ უამრავი გეგმა გვაქვს, რომლებსაც იმედია განვახორციელებთ. მეორეს მხრივ, ასოციაციის საქმიანობა მიმართულია ქართულ-იტალიური ურთიერთობების გაღრმავებისკენ, უკეთესი ინტეგრაციისკენ… ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთან კავშირი. ,,ქართულ კვირასთან“ თანამშრომლობა სამშობლოსთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი ძაფი იქნება და ეს ძალიან სასიხარულოა. იმედია ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.“