მედიაპორტალი ,,ქართული კვირა“ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია ,,მეტი დეველოპმენტ“-თან ერთობლივ თანამშრომლობას იწყებს. მხარეებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მედიაპორტალის კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა და ,,მეტი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა პაპუნა ხაზალიამ მოაწერეს. მემორანდუმით მხარეები საკუთარ საქმიანობას ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებით წარმართავენ. ისინი ერთობლივად გაატარებენ სხვადასხვა სახის კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებს, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება ქართველ ემიგრანტებთან და უფრო მეტად შეუწყობს ხელს მათ სამშობლოში დაბრუნებას. მემორანდუმის ფარგლებში, უკვე დაიგეგმა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.
,,დღეს მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი და ის კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს მჭიდრო კავშირს ემიგრაციაში მყოფ ადამიანებთან. ,,ქართული კვირა“ ყოველთვის მზად არის შექმნას საინტერესო პროექტები ემიგრანტებისთვის და ითანამშრომლოს ყველა იმ ორგანიზაციასთან, ვისთვისაც ამ ადამიანების ბედი მნიშვნელოვანია. მემორანდუმის ფარგლებში, უკვე დაგეგმილია რამდენიმე პროექტი. ჩვენ შევეცდებით ერთობლივად ჩავუყაროთ საფუძველი წამოწყებებს, რომლებიც მიმართული იქნება ემიგრანტების, დიასპორების გასაძლიერებლად და მოიტანს მათთვის ხელშესახებ შედეგს,“- ამბობს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციული დირექტორი ანა ჩანგიანი.
„ეს მემორანდუმი გახლავთ ძალზე სასიამოვნო შეთანხმება ჩვენს შორის, რომელიც გვაერთიანებს ერთი მთავარი ფასეულობით – გავუადვილოთ ყოფა ჩვენს ქართველ ემიგრანტებს და შევქმნათ ყველა პირობა მათი საქართველოში დაბრუნებისათვის. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და ჩავერთოთ ყველა იმ პროექტში, რომელიც ჩვენს ამ მთავარ ფასეულობას გამოეხმაურება.
ჩვენთვის, როგორც სამშენებლო კომპანიისათვის ამას ისევ და ისევ ფასეულობის დონეზე აქვს მნიშვნელობა. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენს აშენებულ სახლებში სხვებთან ერთად, ის თანამემამულეებიც ცხოვრობდნენ, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება ოცნებად გადაქცევიათ.
მათდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება გაგვაჩნია და ჩვენი გრძნობები ორმხრივია – 2019 წელს კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ მეტი დეველოპმენტი არის ის სამშენებლო კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან ემიგრანტები. ეს კიდევ უფრო გვიმძაფრებს სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობას, ვაკეთოთ ჩვენი ერთობლივი საქვეყნო საქმე.
ეს პროექტი ჩვენ უდიდეს სიამოვნებას მოგვანიჭებს და მადლიერები ვიქნებით, თუ შევძლებთ თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ, ყოფა შევუმსუბუქოთ თუ საქართველოში დავაბრუნოთ,“- აღნიშნა ,,მეტი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა პაპუნა ხაზალიამ.