ლიკა ქველაძის წერილი იტალიაში სამუშაოდ წასულ, ემიგრანტს დედას ეხება, რომელიც პანდემიის გამო ძალიან რთულ პირობებში აღმოჩნდა და როგორც ხშირად ხდება – ემიგრანტს დახმარების ხელი სხვა ემიგრანტმა გაუწოდა.
“გამარჯობა, ჩემო ლამაზებო, ჩემო ემიგრანტებო, ყველანი ძალიან მიყვარხართ. მინდა, ჩემი ისტორია მოგიყვეთ. ძალიან რთული დღეები მქონდა, დღე და ღამე იმაზე ვფიქრობდი, როგორ დავხმარებოდი დედას, რომელიც საქართველოდან ახალი წასული იყო იტალიაში. იმ პერიოდში ვერც საქართველოში ვაბრუნებდი, ვერც თავშესაფარს ვუძებნიდი იქ.
იტალიაში იმყოფებოდა ისეთ ქალაქში. სადაც ეს ვირუსი მძვინვარებდა, ბევრი გაჭირვება, მოტყუება გადაიტანა. დედა ჩაკეტილი იყო 5თვე, ( ჯერ ახალი ჩასული იყო, მერე პანდემია გამოცხადდა) სრულიად უფულო, უმუშევარი, შიშით, უსაბუთოდ, იმედის გარეშე. ყველგან ყველაფერს ვკითხულობდი, ვარკვევდი, როგორმე დედას დავხმარებოდი. ერთ დღეს ამ ჯგუფში პოსტი ვნახე, სადაც დავაკომენტარე. მაშინ არ მეგონა თუ ერთი უბრალო კომენტარი, ამხელა ბედნიერებას და სიხარულს მაჩუქებდა. პირადში მომწერა ქალბატონმა მაია ფირცხალავამ, დაინტერესდა ჩემი პრობლემით, გაჭირვებით და დახმარების ხელი გამომიწოდა სრულიად უცნობ ადამიანს. იმ წუთას ვერ ვიჯერებდი, რომ შეიძლებოდა უანგაროდ, სრულიად უცნობ ადამიანს ასე ვინმე დახმარებოდა. დაუკავშირდა დედას, ჯერ იმ ქალაქიდან ჩამოიყვანა, საიდანაც 7საათის გზა იყო იმ ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა. მოუძებნა ბინა, დედა ყველაფრით უზრუნველყო. შემდეგ ძალიან მალე, 1კვირაში მოუძებნა სამსახური. დღეს დედა ძალიან კმაყოფილია, კარგ სამსახურშია.
ქალბატონმა მაია ფირცხალავამ მე დედა მეორედ დამიბრუნა, მადლობისთვის მთელი ცხოვრება არ მეყოფა. მისით უნდა იამაყოს მისმა ოჯახმა, შვილებმა, შვილიშვილებმა, მეგობრებმა, ნაცნობებმა, რომ ასეთი ღვთისნიერი, კეთილი ადამიანი ჰყავთ. დღეს დავრწმუნდი, რომ ქართველი ქალი უცხო ქვეყანაში ყველა ემიგრანტი ქალის დედაა – გვერდით დაუდგება უცხო მიწაზე სრულიად უცნობ ქართველს და ლუკმას გაუყოფს, არ გაწირავს. ის ჩემ თვალში “გმირი ქართველი ქალის” სახეა, რომელსაც მკერდში გული უძგერს და ჯიგარი გააჩნია – წერს ლიკა ქველაძე