ჯანდაცვის სამინისტრომ თვითიზოლაციის მოთხოვნის სპეციალური ფორმა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს საკარანტინე ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში მოთავსების შესაძლებლობა ეძლევათ. მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური მოთხოვნის ფორმა, სადაც პირადი მონაცემების, საიზოლაციო სივრცისა და ადგილზე საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას მიუთითებენ. შევსებული კითხვარი უნდა გააგზავნონ მისამართზე covisolation@moh.gov.ge , რის შემდეგაც უწყების წარმომადგენლები, მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად, მოახდენენ საიზოლაციო სივრცეების წინასწარ შეფასებას და განაცხადის შესაბამისად დაკმაყოფილებას. თვითიზოლაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირებისთვის.
2020 წლის 1 ივნისის საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თვითიზოლაციაში გადაყვანა/მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
• პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის (მაგ: ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ქიმიოთერაპიის, დიალიზის სეანსების საჭიროებისას და სხვა) გათვალისწინებით, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენისას;
• საქართველოში საერთაშორისო მისიების წარმომადგენლების, აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შუამდგომლობის გათვალისწინებით;
• სხვა განსაკუთრებული გარემოებების/სოციალური ფაქტორების (შშმ, არასრულწლოვნობა და მსგავსი) არსებობისას, რომელიც ამართლებს თვითიზოლაციაში პირის ყოფნის უპირატესობას.
განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდიდან.