სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილ მოთხოვნებს და რეკომენდაციებს აქვეყნებს – რა უნდა გავითვალისწინოთ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდგომ.
ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, შშმ პირების / ბავშვების გამცილებლები, მომსახურე პერსონალი ან უზრუნველყოფილი იქნება ტერმინალის გატიხვრა საერთო სერვისების (ბანკები, ავიასალაროები, მაღაზიები, კაფეები და ა.შ.) და მგზავრთა მომსახურების ზონებად. მგზავრთა მომსახურების ზონებში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;
მგზავრები და მომსახურე პერსონალი დაიშვებიან მხოლოდ დამცავი ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ასაკის ბავშვები);
შენობაში შესვლისას, განხორციელდება მგზავრთა თერმული სკრინინგი. ცხელების ან/და ვირუსზე საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, მგზავრი არ დაიშვება ტერმინალში / დარბაზში და შესაბამისად, რეისზე;
დაიცავით 1.5 მეტრის დისტანცია. გამონაკლისს წარმოადგენენ ოჯახის წევრები. შენობაში უზრუნველყოფილი იქნება სავალდებულო დისტანციის მარკირება;
დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები. თქვენი და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, მგზავრთა მომსახურების არეებს და ხშირად გამოყენებულ ზედაპირებს რეგულარულად ჩაუტარდება დასუფთავება/დეზინფექცია;
დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვილი იქნება დამცავი გამჭვირვალე ბარიერებით;
გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცები და სხვა ჰიგიენური ნარჩენები მოათავსეთ დახურულ კონტეინერებში;
დაიცავით ადგილზე გამოცხადებული რეკომენდაციები და მითითებები. ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები პერიოდულად გაკეთდება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;
გამცილებლებისთვის თავშეყრის ადგილები და ზონები გამოიყოფა ტერმინალის/შენობის გარე ტერიტორიაზე.