„მწვანე ბლოგები“ – გოგა ჩანადირის, „ეკო სითისა“ და „ქართული კვირის“ ახალი პროექტი მედიაბაზარზე

“ქართულ კვირას”  სულ მალე მკითხველისათვის ძალიან საინტერესო ” მწვანე ბლოგები” დაემატება. აღნიშნულ რუბრიკას გოგა ჩანადირი უხელმძღვანელებს, მისი მხარდამჭერი კი საცხოვრებელი კომპლექსი “ეკოსითი” იქნება, რომელსაც ბაზარზე “მეტი დეველოპმენტი” წარმოგვიდგენს. ბლოგი ეკოლოგიის შესახებ ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან თემას შეეხება, ყოველ კვირას ცნობილი ბლოგერი და ფოტოხელოვანი ვიდეო ჩართვებით მაყურებელს ეკომნიშვნელობის საკითხებს გააცნობს. როგორც მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციული დირექტორი ანა ჩანგიანი ამბობს, ამ ინიციატივის მიზანია, აამაღლოს ეკოშეგნების დონე და მედიამ ეკოაქტივისტებსა და საზოგადოებას შორის, ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს.

“პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინტერაქცია ჩვენს მკითხველთან, ასევე სოციალური აქციები და სხვა საინტერესო სიახლეები. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ბლოგს უკვე ჰყავს მხარდამჭერი –  „ეკო სითი მეტი დევეპომენტისაგან“ – მაღალი, სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია – ჩვენს მკითხველს, რომელთა შორის ბევრი ემიგრანტია, საინტერესო მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით გაანებივრებს. სწორედ იმიტომ, რომ “ქართული კვირის” მიზანია, იყოს განსხვავებული და ამასთანავე ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში თავის აუდიტორიასთან, გადავწყვიტეთ ის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხები წამოვწიოთ წინა პლანზე და გავხადოთ აქტუალური, რაც დღეს ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ჩვენი სურვილია, მეტი ეკოშეგნების ადამიანი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას“, – ამბობს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციული დირექტორი ანა ჩანგიანი.

პროექტის მხარდამჭერი “ეკო სითი მეტი დეველოპმენტისაგან” წლებია, ეკომეგობრულ საცხოვრებელ უბნებს აშენებს  და მავნე ჩარევისაგან გარემოს დაცვა მათი სოციალური პასუხისმგებლობისა და პოლიტიკის  ნაწილია. გამწვანებული კორპუსები, მყუდრო სკვერები, მოპირკეთებული ფასადები, ინკლუზიური გარემო, ენერგოეფექტურობა, თანამედროვე და დახვეწილი არქიტექტურა, ველო სადგომები და ელექტრო ტრანსპორტის  დასამუხტი სადგურები სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც “ეკოსითის” სხვა მშენებლობებისაგან გამოარჩევს. 

“ზოგადად ადამიანები მიმბაძველი არსებები ვართ – ყოველთვის ვიმეორებთ იმას, რაც მოგვწონს… ან იმას, რასაც უმრავლესობა იზიარებს. სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება მოდაც. ჩვენ გვინდა, რომ ეკოლოგიური აზროვნება მოდური გახდეს, რომ პრესტიჟულად და ღირსეულად ითვლებოდეს გარემოს მოფრთხილება, წესრიგის დაცვა, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის თითოეულ კვადრატულ მეტრზე ზრუნვა. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ვფიქრობ, რომ ყველა ის თემა, რომლის განხილვაც არის დაგეგმილი “მწვანე ბლოგის” ფარგლებში, საშუალებას მისცემს ადამიანებს, წამით შეჩერდნენ, დაფიქრდნენ და გააკეთონ სწორი არჩევანი აქ და ახლა.

ხანდახან გვგონია, რომ გარემოს მოფრთხილებას  დიდი ძალისხმევა ან დრო სჭირდება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის – საკმარისია ქაღალდში გაახვიო პირიდან გამოღებული საღეჭი რეზინი, სანამ ნაგვის ურნაში ჩააგდებ და შენ უკვე ღირსეულ საქციელს ჩადიხარ, მაგრამ ამისათვის ჯერ უნდა იცოდე, რომ ქუჩაში დაგდებულ საღეჭ რეზინებს ჩიტები კენკავენ და იღუპებიან. ძალზე მნიშვნელოვანია არსებობდეს ვინმე, ვინც შეგვახსენებს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი მოსაფრთხილებელია და ვფიქრობ “მწვანე ბლოგი” ამ ფუნქციას კარგად შეასრულებს.

ვისურვებდით, რომ საზოგადოება მეტად იყოს ინფორმირებული და დაინტერესებული მსგავსი საკითხებით, თუმცა ბოლო პერიოდში უფრო  იკვეთება მსგავსი ტენდენცია, რაც ძალიან გვახარებს. გაცილებით მეტად აქცევენ ეკოსაკითხებს ყურადღებას ის ადამიანები, ვისაც საზღვარგარეთ უცხოვრია. ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ ინოვატორები ამ კუთხით, განვვითარდეთ, განვავითაროთ ეკოლოგიური მიდგომები და მიმართულებები ჩვენს ქვეყანაში”,- აღნიშნა “ქართულ კვირასთან” საუბარში “მეტი დეველოპმენტის” დამფუძნებელმა, პაპუნა ხაზალიამ.

“ქართული კვირისა” და “ეკო სითის” ინიციატივას სიამოვნებით შეუერთდა ფოტოხელოვანი და ეკოაქტივისტი გოგა ჩანადირი, სწორედ ის მოამზადებს ყოველკვირეულ ბლოგებს, რომლებშიც საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებს შეეხება. თუმცა, მკითხველისა და მაყურებლის ჩართულობა მხოლოდ ბლოგებზე თვალყურის დევნებით არ შემოიფარგლება და პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობა იქნება დაგეგმილი, მათ შორის ქართველი ემიგრანტებისთვისაც.

“მედიასაშუალების საგანმანათლებლო აქტივობა ყოველთვის ძალიან მისასალმებელია. ესაა ძალიან კარგი ტრიბუნა, რათა შენი სათქმელი თქვა, მით უფრო, როცა ეს ეკოლოგიას და მწვანე გარემოს ეხება. როდესაც “ქართულმა კვირამ” გამოიჩინა ინიციატივა, გადავწყვიტე, რომ გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა და ერთად შეგვექმნა “მწვანე ბლოგი”.

“მწვანე ბლოგები” არ იქნება მხოლოდ მიმართვები, ეს იქნება სოციალური კამპანიები და გამოწვევები, იქნება ასევე ვიდეოსიუჟეტები, კონკურსები, რომლებშიც ჩაერთვებიან ჩვენი ემიგრანტებიც, რადგან ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ემიგრანტებს ჰქონდეთ უფრო ფართო ემოციური და საინფორმაციო კავშირი სამშობლოსთან.

ვფიქრობ, “მწვანე ბლოგები” იქნება ერთგვარი შუამავალი საზოგადოებასა და ეკოაქტივისტებს შორის. ჩვენ ვეცდებით თითოეულ ადამიანს ჩავუნერგოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური გარემო და წონასწორობა ბუნებაში და როგორ გვეხება ეს თითოეულ ჩვენგანს თანაბრად”,- ამბობს “ქართულ კვირასთან” საუბარში გოგა ჩანადირი.

პროექტისათვის აქტიური მზადება უკვე დაწყებულია და „ქართული კვირის“ მკითხველი “მწვანე ბლოგებს” სულ მალე იხილავს.

 

[penci_blockquote style=”style-3″ align=”none” author=”” font_weight=”bold”]რუბრიკის მხარდამჭერია საცხოვრებელი კომპლექსი “ეკოსითი”, რომელსაც ბაზარზე “მეტი დეველოპმენტი” წარმოგვიდგენს[/penci_blockquote]