ონში ებრაელობა, ერთ დროს, მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდა. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მათ მასიურად დატოვეს რაჭა, მაგრამ აქ დღესაც დგას სინაგოგა, რომელიც ამ ადგილზე 1895 წელს აიგო. მისი მშენებლობა 1891 წელს დაუწყიათ. მშენებლობას სათავეში დიდ-ვაჭარი ხახამ ელია ამშიკაშვილი ჩაუდგა. მან პოლონეთიდან ჩამოიტანა ტაძრის პროექტი და სალოცავის მშენებლობაც დაიწყო. მშენებლობაზე მიწვეულნი იყვნენ ბერძენი ქვის მთლელი ოსტატები.
ცნობილია, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში სინაგოგები შენდებოდა ისე, რომ ლოცვის დროს თვითოეულ მლოცველს პირი წმინდა ქალაქ იერუსალიმისაკენ ჰქონოდა, ამიტომ სინაგოგის აღმოსავლეთი მხარე უფრო მდიდარი ჩუქურთმებითაა შემკული. ფასადის თავზე ზემოთ მოთავსებულ მარმარილოს ფილაზე შემოკლებით არის გადმოცემული მოსეს 10 მცნება. სინაგოგა ერთსართულიანია. თუ არ ჩავთვლით ფასადის მხარეზე მოთავსებულ ვერანდას აივნით, რომელიც ქალებისთვისაა განკუთვნილი.
სინაგოგის ცენტრში არის შემაღლებული ადგილი ე.წ. “თება”, სადაც ლოცვის დროს მლოცველი ხახამი დგას.
სინაგოგის შიგნით მლოცველებისთვის განლაგებულია გრძელი სკამები.
სალოცავის ქვის ოთხკუთხა სვეტებზე დგას გუმბათი, ხოლო ზემოდან ტაძარს ოთხივე კუთხეში ქვის ლამაზი სტელა ამშვენებს.
ჯამაათმა მთავრობის ხელმძღვანელებთან გაგზავნა კაცი და ჯამაათის სახელით სთხოვა სალოცავის შენარჩუნება. ამასთანავე, სალოცავის შიგნით თავიანთი ჩვილი ბავშვებით 30-მდე მეძუძური ახალგაზრდა ქალი ჩაიკეტა. მათ გადაწყვიტეს ან დახოცილიყვნენ სალოცავში ბავშვებთან ერთად, ან ეხსნათ სალოცავი დანგრევა-განადგურებისაგან. მთავრობა დათმობაზე წავიდა. ასე გადაურჩა ონის ებრაელთა სინაგოგა იმ უღმერთობის დროს დანგრევა-განადგურებას.
სინაგოგა ეკლექტიზმის სტილშია აშენებული და საქართველოში არსებულ სინაგოგებს შორის სიდიდით მესამე ადგილს იკავებს თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ.
სინაგოგას 2006 წლის 7 ნოემბერს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.