1 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღეა

წმ. ნინო  კაპადოკიაში ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. მისი დედა სოსანა და მამა ზაბულონი, რომელიც სამხედრო პირი იყო, მონაზვნობის გზას დაადგნენ და იერუსალიმში გადასახლდნენ. 12 წლის ნინო აღსაზრდელად მიაბარეს მოხუც ქრისტიან ქალს სარა ნიაფორს, რომელიც ხშირად უამბობდა ნინოს მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების და მისი წამების და ჯვარცმის ამბავს. მისგანვე გაიგო ნინომ, თუ როგორ მოხვდა წარმართულ საქართველოში ქრისტეს კვართი. პატარა ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და კვართის თაყვანისცემის საშუალება მისცემოდა.

 ღვთისმშობელმა მარიამმა შეისმინა ნინოს ვედრება, ერთხელ სიზმარში გამოეცხადა და უთხრა, რომ წასულიყო მის წილხვედრ ქვეყანაში და ექადაგა ქრისტეს სახარება. ღვთისმშობელმა ნინოს ვაზის ტოტებისგან შეკრული ჯვარი მისცა. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც აღმოაჩნდა ხელში ჯვარი, რომელიც მან თავისი თმით შეკრა.

იერუსალიმიდან ნინო რომში ჩავიდა, ხოლო იქიდან მის მიერ ქრისტეს სჯულზე მოქცეულ რიფსიმესთან, გაიანესთან და სხვა ქალწულებთან ერთად სომხეთისკენ წამოვიდა, რადგან რომში ამ დროს ქრისტიანების მოძულე და მდევნელი დიოკლეტიანე მეფობდა. სომხეთში სიფსიმე და სხვა ქალწულები სომხეთის წარმართმა მეფემ არდატმა დააპატიმრა და აწამა. გადარჩა მხოლოდ ნინო, რომელიც მეგობრების შეპყრობის დროს ვარდის ბუჩქებში დაიმალა. ამის შემდეგ ნინო ფარავნის ტბის გზით საქართველოსკენ წამოვიდა.

ქართლის დედაქალაქ მცხეთაში მას დახვდა კერპები და მათი თაყვანისმცემელი მეფე, მთავრები და მთელი მოსახლეობა. წმ. ნინო სამეფო ბაღის მცველის სახლში დასახლდა. დღედაღამ ლოცულობდა და შესთხოვდა უფალს ქართველთა მოქცევას ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, ქადაგებდა და ასწავლიდა უფლის სახარებას, ეხმარებოდა ავადმყოფებს და დავრდომილებს. უშვილო ოჯახს წმ. ნინოს ლოცვით ღმერთმა შვილი მიმადლა. ერთხელ მძიმედ დაავადდა მეფე მირიანის მეუღლე დედოფალი ნანა. მას მკურნალები ვეღარ შველოდნენ, და მაშინ დედოფლის მსახურებმა წმ. ნინოს სთხოვეს დახმარება. წმ. ნინომ დედოფალი თავისთან მოიწვია, ილოცა მისთვის, ჯვარი გადასახა და განკურნა. ამის შემდეგ დედოფალმა იწამა ღმერთი. რამდენიმე თვის შემდეგ თავად მეფე მირიანს დაუბნელდა თვალთ ნადირობის დროს და ამაოდ უხმობდა და ევედრებოდა კერპებს თვალის ახელას. მაშინ მირიანმა წმ. ნინოს ღმერთს შეავედრა თავი და მყის დაუბრუნდა თვალის სინათლე. ამის შემდეგ მირიანმაც იწამა ქრისტე და განიზრახა ქვეყნის გაქრისტიანება, რაც წმ. მოციქულთა სწორ ნინოს შეწევნითა და ქადაგებით განახორციელა კიდეც.

წმ. ნინოს რჩევით მეფე მირიანმა ქრისტიანული ტაძარი ააგო იმ ადგილას, სადაც უფლის კვართი იყო დამარხული. წმ. ნინო ქართლის სხვა ადგილებშიც ქადაგებდა. ის დასნეულდა დაბა ბოდინში (ბოდბე) და იქვე მიაბარა თავისი სული ღმერთს. წმ. ნინო ბოდბეში დაკრძალეს და შემდგომ მის საფლავზე მეფე მირიანმა წმ. გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.

 

წყარო: Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი