შორენა თეთრაული ქართველი ემიგრანტია, რომელმაც სიმსივნე ისე დაამარცხა, არც ერთი ოჯახის წევრისა და ნათესავისათვის არ უთქვამს, რომ ავად იყო. ცხოვრების ყველაზე მძიმე დროსაც კი სხვებზე ფიქრობდა, რომ მათ არ ენერვიულათ. დაავადებასთან მარტო მებრძოლ ქალს გვერდით ნიუ-იორკში საქართველოს კონსული, დიანა ჟღენტი დაუდგა. საკუთარი ისტორიის შესახებ შორენა სოციალურ ქსელში წერს:
“ცოტა გრძელი პოსტი გამომივა,მაგრამ, ვფიქრობ, ღირს ამად იცოდეთ, როგორი გენერალური კონსული გვყავს ნიუ-ორკში. ვიცი, ძალიან გამიბრაზდება ახლა რასაც ვწერ, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა. რაც და როგორადაც არ უნდა ვეცადო, მე პირადად, ვერ შევაფასებ ამ ადამიანის ადამიანობას.
დიახ,ადამიანობას და არა მის სამსახურებრივ მოვალეობას. ამჟამად მე არ ვსაუბრობ, როგორც გენკონსულზე,რადგან ეს არ შედიოდა მის მოვალეობაში, არამედ ადამიანზე, რომელმაც ფაქტიურად გადამარჩინა,სიცოცხლე მაჩუქა.
ადამიანი, რომელიც თვეების განმავლობაში იდგა ჩემს გვერდით როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ჩემთვის ყველაზე უმძიმეს დროს, როდესაც დამიდგინეს ავთვისებიანი სიმსივნე. თებერვლის თვიდან ამ ადამიანს არ დავუტოვებივარ არც ერთი დღე უყურადღებოდ. მუდმივად იყო კონტაქტზე და კითხულობდა ჩემს მდგომარეობას. ადამიანი, რომლის თავზეც გადაიარა აბსოლუტურად ყველა პროცედურამ დაწყებული ექიმის მონახულებით, ვიზიტებით, სხვადასხვა სახის პროცედურით და ბოლოს ოპერაციაზე ჩემს გვერდით ყოფნით,რომელიც ღამის სამ საათზე ადგა,რომ ჩემთან მოსულიყო,რადგან დილის 6-ზე საავადმყოფოში უნდა ვყოფილიყავით. რომ არა ეს ადამიანი, მართლა არ ვიცი. დღეს მე როგორ ვიქნებოდი და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ არავინ, ჩემი ოჯახის არც ერთმა წევრმა არაფერი არ იცოდა,არც ნათესავებმა, არც იმ მეგობრებმა, რომელთაც შეიძლებოდათ ჩემს შვილთან წამოსცდენოდათ. ვუფრთხილდებოდი რადგან ფეხმძიმედ იყო და არ მინდოდა რაიმე პრობლემა შექმნოდა.(იმედია მაპატიებს ჩემი შვილი ამას)
იცოდა მხოლოდ რამოდენიმე მეგობარმა, რომლებიც ვერაფრით ვერ დამეხმარებოდნენ გარდა მორალური მხარდაჭერისა. ვინც მიცნობს, იცის და ვერც ცილს დამწამებენ ტყუილში, რომ მე დიანასთან რაიმე დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა და ამიტომ დამეხმარა. ადამიანი მხოლოდ სამჯერ მყავდა ნანახი და ისიც 5 წუთით. ოპერაციის დღეს გავიგე, რომ მე პირველი არა ვარ, ვისაც ასე გვერდით დაუდგა ასეთ მძიმე დროს. ადამიანმა დამაკავშირა მის მეგობრებთან, რომელთაც მსგავსი პრობლემა ჰქონდათ უკვე გადალახული, რომლებიც ასევე მირეკავდნენ და მამხნევებდნენ, რჩევებს მაძლევდნენ. მტერსაც არ ვუსურვებ იმის გავლას, რაც გავიარე და რომ არა ეს ადამიანი,კიდევ ვიმეორებ, არ ვიცი სად ან როგორ ვიქნებოდი დღეს. ვერც ერთი სიტყვა, ვერანაირი სამადლობელი ვერ გამოხატავს იმ მადლიერებას, რომელიც მთელი ცხოვრება მაქვს და მექნება ამ ადამიანის მიმართ.
მე ვერასოდეს, მაგრამ უფალი აუცილებლად გადაუხდის იმ სიკეთის საფასურს, რაც მას არა მარტო ჩემ მიმართ,არამედ კიდევ ბევრის მიმართ აქვს დათესილი. მადლობა უფალს, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო, რომლებიც იმედს, სიცოცხლის წყურვილს გვჩუქნიან” – წერს ფეისბუქზე ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი შორენა თეთრაული.