ემიგრაციაში წასულ ადამიანს ოჯახზე ფიქრი და კარგი ადამიანები მატებენ გამძლეობას. ის იქ უფრო მომთმენნი ხდება და უკეთ აღიქვამს ყველაფერს, მოგონებები მისი მაცოცხლებელი ძალაა… და რა თქმა უნდა, კიდევ ინტერნეტი, რომელიც ყოველთვის ამოკლებს მანძილს და უხილავ მეგობრებს სძენს, რომელთაც თავის ცხოვრებას უზიარებს… ასე დავუმეგობრდით ჩვენც იტალიაში მცხოვრებ ლელა თოლორდავას და დღეს მისი ცხოვრების პატარა ეპიზოდს შემოგთავაზებთ.
“სტამატინა კვახის ( იმერეთში ეძახიან გოგრას) ყვავილები მომართვა ვანიამ… დაპირებული იყო, როცა შევწვავ ძუკინას ყვავილებს გაგასინჯებო… ხოდა, კი შეასრულა დანაპირები.
ძალიან ხრუსტუნა და გემრიელი იყო, რაღაცნაირად ჩიფსივით ჩასახრაშუნებელი…
დაგემოვნების შემდეგ, დიდი აღფრთოვანება რომ გამოვთქვი, მითხრა , გასწავლი და სხვა დროს, როცა მოგინდება, ჩადი ბოსტანში , დაკრიფე და გააკეთეო…
ბოსტანი შენიც არის, რადგან დედას ოჯახის წევრი ხარო… განსაკუთრებით მესიამოვნა ეს სიტყვები, ჩვეულებრივი მადლობა კი არა, მილე გრაციე გადავუხადე…
ჩემი მორიდებული თავის ამბავი ვიცი, ბოსტანში ჩამსვლელი არ ვარ, მაგრამ ნებართვა რომ მაქვს, ესეც დიდი რამეა…
ხოდა, ახლა ვუცქერ ამ ძუკინაგოგრაკვახის ყვავილებს და ჩემი წითელიხევი მახსენდება… ჩვენი ვაკე…
ასე ვეძახდით ადგილს , სადაც შინაური ცხოველების და ფრინველების სამყოფი ადგილი გვქონდა… ვაკეზე ნაკლებ ადგილს რავა ვაკადრებდით, ჩვენს ძროხებს, ღორებს და ქათმებს.
ხოდა, ის ვაკე, მართლა ვაკე იყო, რაღაცნაირად ჩავარდნილი ადგილი, მართლა ვაკე, ოდნავ დაქანებაც კი არ ჰქონდა…
იქ იდგა ბოსელი, საღორე და საქათმე, სხვათა შორის ორსართულიანი – ჩემმა ძმებმა გააკეთეს, წვრილი მავთულხლართით… ასასვლელი კიბეც გაუკეთეს, რაღაცნაირი სათამაშო… ხოდა, ჩვენი დედლები და ერთადერთი ჭრელი მამალი სულ თამაშ- თამაშით ადიოდნენ იმ კიბეზე და დიდ ,,ზალაში” დიაგონალურად გაკეთებულ ქანდარეზე, მათთვის განკუთვნილ ადგილზე სხდებოდნენ…
მახსოვს მამალი ქანდარის გზაჯვარედინზე იჯდა ხოლმე , შახივით. შახზე ნაკლები რით იყო, მთელი საქათმის ქათმების გულთამპყრობელი იყო. ზუსტადაც, ნამდვილი ჰარამხანა ჰქონდა.
რას გადავყევი ახლა ქათმებს, სად ქათმები და სად კვახის ყვავილები?! კაი, გადავიდეთ ღორზე, ან ღორი რა შუაშიაო, გოგრის ყვავილებთან? – შუაში კი არა, თავშია.
ახლა თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, როგორი ლამაზი ღორი გვყავდა, იმ დედა ღორზე ვამბობ, მამამ რომ იყიდა ჩვენი თანასოფლელისგან, იონა მეფარიშვილისგან, უკრაინული ჯიშისაა და 16 გოჭზე ნაკლები არ იცისო… მაკედ იყო და სექტემბერში უნდა გაეჩინა გოჭები…
თან ვყვებოდით, ისე შეგვაყვარა ბავშვებს თავი, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით მისთვის ჩასახრამუნებელის მიტანაში. სალაფავი დედას მიჰქონდა ხოლმე, დრუნჩის აკვრა იცოდა და თქვენ არ დაგაქცევინითო…
დედა, რანაირად ჭამს, თვალებზე ყურები რომ აქვს ჩამოფარებულითქვა… გაოცებას ვერ ვმალავდი…
რად უნდა დანახვა, ღორი საჭმელს კი არ არჩევსო, რასაც დაუყრი ყველაფერს ჭამსო…
მამამ, სულ საღორეში ცოდვააო და ვაკეში მთელ სიგრძეზე მავთული გააბა და ჯაჭვით გამოაბა… მთელი დღე დასეირნობდა აღმა- დაღმა და მიწაზე დაყრილ უმწიფარ ვაშლებს გეახლებოდათ…
ოთხი უზარმაზარი ვაშლის ხე იდგა ვაკეში…
მამა , გვავალებდა, რაც მთავარია ორმოში წყალი სულ უნდა პქონდესო, თუ დაისიცხა, მოკვდებაო…
ჭიდან სათლებით ვეზიდებოდით წყალს და სახელდახელოდ გაკეთებულ ორმოს ვავსებდით…
ორმოში რომ ჩაწვებოდა, ტალახში ამოევლებოდა ჩურჩხელასავით…
ერთხელ , ვითომ კარგი გავაკეთეთ და ტანი დავბანეთ, იმდენი წყალი ვასხით, სულ გავაცალეთ ტალახი… ქუთქუთა თეთრი გახდა…
წამოგვესწრო მამა და გვისაყვედურა, მეორედ არ გააკეთოთ, ჭის წყალი ყინვასავით ცივია, დაგრილავს და გაცივდებაო, ესეც არ იყოს, მაკედაა და შეიძლება კოჭები ნაადრევად დაყაროსო…
არადა, გვეგონა კარგს ვაკეთებდით…
ღორი გადარჩა გაცივებას, მაგრამ დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი მამიკო( 41 წლის) …
1984 წლის 24 აგვისტოს ამბებს გიყვებით…
12 სექტემბერს ჩემი დაბადების დღე იყო, 11 წლის გავხდი. ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა ვის მოუვიდოდა აზრად…
მაგრამ, ჩვენი ღრუტუნიას დამსახურებით , საჩუქარი მაინც მივიღე. სწორედ ჩემს დაბადების დღეზე გააჩინა გოჭები, თექვსმეტს ველოდებოდით და გაჩნდა ოთხი, მაგრამ იმხელები, ფაქტიურად გაზრდილები…
და გოგრის ყვავილები?! სად ჩანს აქ გოგრის ყვავილები?!
მადროვეთ გეთაყვა და ამ სოფლის სურათის აღწერაში, ვაკის მესერს გავაყოლებ ერთ ვეებერთელა კვახის ბარდს და ზედ გამოვაბამ აუარება ყვავილებს…
რა ლამაზი იყო თუ იცით, ყვითლად ჰყვაოდა , ნაგვიანევად თავისით ამოსული, გაურკვეველი ჯიშის, კვახი ( მომწონს ეს სიტყვა და გოგრას შეგნებულად არ ვწერ) …
იმ დროს რა ვიცოდი, ამ ყვავილების ჭამა თუ შეიძლებოდა, თორემ დავკრეფდი და შევაპუწკუნებდი, კარგად მოვულხენდით მე დ ჩემი ძმები…
მარა, თითქმის ყოველ დღე ვკრეფდი და გოჭებს ვუყრიდი, ისე ახრამუნებდნენ, ეგემრიელებოდათ…
ვანიას ეგონა ჩვეულებრივი ყვავილებიანი ძუკინა მომიტანა ამ დილით, არადა, სინამდვილეში ჯადოსნური აღმოჩნდა, ბავშვობაში დამაბრუნა…
მინდა იქ დავრჩე, ჩემს ბავშვობაში, კვახის ყვავილებს დავკრეფდი და ისევ დავუყრიდი გოჭუნიებს….
მაგრამ, საათმა ჩამოჰკრა 12- ს, ჯადოსნური სამყარო გაქრა და ბებოს სადილის დრო დადგა…”