26 მაისს 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეროვნული დროშის დარბაზი გაიხსნება. ეროვნული დროშის დარბაზი დაერქვა ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში (გუდიაშვილის 7) მდებარე საკონფერენციო სივრცეს, რომელიც მთლიანად განახლდა.
დარბაზში გამოფენილია შუა საუკუნეების ევროპული საზღვაო რუკების ბეჭდური ვერსიები. ევროპელი კარტოგრაფები თავიანთ რუკებზე საქართველოს ტერიტორიის აღსანიშნავად ხუთჯვრიან დროშას იყენებდნენ. მასალა ეროვნულ ბიბლიოთეკას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გადასცა. ასევე წარმოდგენილია იმ ხუთჯვრიანი დროშის ორიგინალი (დროშა ეროვნულ ბიბლიოთეკას ყოფილმა დეპუტატმა კობა ამირხანაშვილმა გადასცა), რომელიც 2004 წელს დაამტკიცა პარლამენტმა. ექსპოზიცია მუდმივმოქმედია.
ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზისთვის ეროვნული დროშის სახელის მინიჭებას თავისი წინაპირობა აქვს. 2003 წელს პირველად ამ დარბაზში გაიმართა სხდომა, სადაც ახალი დროშის და სახელმწიფო სიმბოლიკის მიღებაზე იმსჯელეს. 2004 წელს პარლამენტმა სწორედ ამ სხდომის საფუძველზე დაამტკიცა ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად.
განახლებული დარბაზი, რომელიც სულ მალე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც აღიჭურვება, სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გაიხსნება. ღონისძიების თანაორგანიზატორია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო.