ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი, მდებარეობს საქართველოში, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე – ეს სოფელი ბოჭორნაა, თუშეთში, გომეწრის ხეობაში.
ბოჭორნა ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი სოფელი მას შემდეგ გახდა, რაც მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, იქ ერთადერთი მუდმივი მცხოვრები დაფიქსირდა. მანამდე ამ სტატუსს უშგულის თემი ფლობდა, რომელში შემავალი 4 სოფლის საშუალო სიმაღლე 2060-2200 მეტრს შორის მერყეობდა.
ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე სოფელი 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძემ გააცოცხლა და მასშტაბური აღიარებაც მოუტანა. ირაკლი რამდენიმე წელია ბოჭორნაში ცხოვრობს და მოსახლეობისგან თითქმის დაცლილ თუშეთის სოფლებში ექიმად მუშაობს. ექიმი სოფელს 2011 წელს დაუბრუნდა და სწორედ მისი დახმარებით ბოჭორნამ სოფლის სტატუსი აღიდგინა. მისი თქმით, ყველაზე მაღალი სოფლის სტატუსის მინიჭების შემდეგ ბოჭორნას სხვა მოსახლეებიც დაუბრუნდებიან.