პორტალმა „Football Italia“ საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ ყოფილი მცველი კახა კალაძე იტალიის ჩემპიონატში მონაწილეთა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ნაკრები აღმოსავლეთ ევროპის ფეხბურთელებისგან დაკომპლექტდა.
აი რას წერს „Football Italia“: „კალაძე კარლო ანჩელოტის „მილანის“ ერთ – ერთი დაუფასებელი მეომარია. ქართველი ძლიერი და ჭკვიანი მოთამაშე იყო, მაგრამ შესაძლოა, საუკეთესო თვისება მისი უნივერსალურობა იყო, რომლის წყალობითაც მან 284 მატჩი ჩაატარა ისეთ ფეხბურთელებთან კონკურენციაში, როგორებიც პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ და იაპ სტამი იყვნენ. კალაძის სიმბოლურ ნაკრებში შეყვანის კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ „როსონერის“ შემადგენლობაში ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში იგი გახდა იტალიის ჩემპიონი, ქვეყნის თასისა და სუპერთასის მფლობელი, ორჯერ მოიგო უეფას და უეფას სუპერთასის ჩემპიონატები, ასევე კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი.“
სერია A-ს აღმოსავლეთევროპელი ფეხბურთელების სიმბოლურ ნაკრებში ასევე შევიდნენ ფეხბურთელები: მეკარე – სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია), მცველები – კრისტიან კივუ (რუმინეთი), სინიშა მიხაილოვიჩი (სერბეთი), ნახევარმცველები – ზვონიმირ ბობანი (ხორვატია), დეიან სტანკოვიჩი (სერბეთი), ვლადიმირ იუგოვიჩი (სერბეთი), პაველ ნედვედი (ჩეხეთი), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი), თავდამსხმელი – ანდრეი შევჩენკო (უკრაინა).