97 წლის წინ, 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ჩეკას (კონტრ-რევოლუციასთან ბრძოლის საგანგებო კომისიის) მიერ, ანტი-საბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მამულიშვილები.
მიუხედავად საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში წასვლისა 1921 წლის სისხლიანი თებერვლის შემდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით დარჩენილი, ისევე საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.
მეოცე საუკუნის 20-იან წლებში შექმნილი იყო სხვადასხვა წინააღმდეგობის ჯგუფები, რომელთა მიზანს საბჭოთა რუსეთისგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება წარმოადგენდა.
ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენდა დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრი“, რომელიც ქართველი ოფიცრების მიერ იყო დაკომპლექტებული. 1923 წელს „სამხედრო ცენტრი“ აქტიურად მუშაობდა საქართველოს გათავისუფლების გეგმაზე, მათ შორის განიხილებოდა საერთო სახალხო აჯანყება. ასევე, ცენტრის წევრების მიერ შემუშავდა მთიულეთის აჯანყების გეგმა, რომლის ფარგლებშიც იგეგმებოდა წითელი არმიის ნაწილების მთიულეთში შეტყუება და მათი სრული განადგურება პოლკოვნიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მებრძოლების მიერ.
ბუნებრივია, რომ ჩეკას (კონტრ-რევოლუციასთან ბრძოლის საგანგებო კომისიის) ერთ-ერთი პირველი სამიზნე სწორედ „სამხედრო ცენტრი“ გახდა. ქართველი სამხედროები დააპატიმრეს, გაასამართლეს ანტი-საბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის და სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე. ქვევით წარმოდგენილია იმ გმირების სია, ვინც დახვრეტილი იქნა „სამხედრო ცენტრში“ მონაწილეობის ბრალდებით
1. გენერალი ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი
2. გენერალ-მაიორი ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე
3. პოლკოვნიკი გიორგი ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი
4. პოლკოვნიკი როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი
5. გენერალი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი
6. უმცროსი ოფიცერი ნიკოლოზ მიხეილის ძე ზანდუკელი
7. როტმისტერი სიმონ ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი
8. როტმისტერი ფარნაოზ ლევანის ძე ყარალაშვილი
9. იასონ მათეს ძე კერესელიძე
10. ოფიცერი ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე
11. სიმონ იაგორის ძე ჭიაბრიშვილი
12. პოლკოვნიკი ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი
13. პოლკოვნიკი ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი
14. ლევან ირაკლის ძე კლიმიაშვილი
15. დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი