თურქეთის მსხვილ ქალაქებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვა 3 ივნისამდე გახანგრძლივდა. მიუხედავად შეზღუდვებისა, საქართველოს საკონსულოები აგრძელებენ მუშაობას და მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში დაემახრონ მოქალაქეებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს:
კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, 19 მაისის 24 საათიდან 3 ივნისის 24 საათამდე გაგრძელდება საქალაქთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი.
ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ანკარაში საქართველოს საელჩო, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო და იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი გააგრძელებენ მუშაობას, თურქეთის 4 ქალაქიდან (ანკარა, სტამბოლი, ანტალია, იზმირი) საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ საკონსულოებს:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08