მსოფლიოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისას, ქართველმა ემიგრანტებმა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთმანეთის დასახმარებლად კრიზისცენტრები შექმნეს. აღნიშნული ცენტრები ეხმარებიან ემიგრანტებს როგორც პირველადი საჭიროების პროდუქტებითა და მედიკამენტებით, ასევე კვალიფიციური მედიკოსების კონსულტაციებით. მაიკლ თავდი აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმია, რომელიც საკუთარი ინიციატივით ჩაერთო კრიზის-ცენტრის საქმიანობაში და ბევრ ქართველ ემიგრანტს აღმოუჩინა დახმარება.
“ნათქვამია, “კარგი ექიმი, მარტო საუბრითაც უნდა არჩენდესო“. ექიმი, რომელიც ხალხისთვის გადარჩენის ერთადერთი გზაა, მით უმეტეს სამშობლოდან შორს, უცხო ქვეყანაში მცხოვრებ უენო, უსაბუთო ემიგრანტისთვის…
რამხელა იმედი და ხსნაა, როცა უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში, როცა ყველა გზა ჩაკეტილია: ქვეყნებს შორის მიმოსვლა, დაკეტილია სამედიცინო, თუ სასწავლო დაწესებულებები, მთელი მსოფლიო უძლურია ამ საშინელი ვირუსის კოვიდ-19 -ის წინაშე და საყოველთაო პანდემიაა, გამოჩნდება ექიმი, რომელიც 24-საათიანი რეჟიმით ერთვება ხალხის სამსახურში…
დიდი სიამაყით მინდა გაგაცნოთ, ნიუ-იორკში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ექიმი თერაპევტი -ბატონი Michael Tavdy ( მაიკლ თავდი) რომელმაც, როგორც კი შეიტყო ქართულ ემიგრანტთა საერთაშორისო კოალიციის ბაზაზე დაარსებული “კრიზის ცენტრი ამერიკა”-ს შესახებ, (სადაც ფუნქციონირებს მოხალისე ექიმთა ბრიგადა, ფსიქოლოგების და უბერით მომსახურეობის მობილური ჯგუფები…) უყოყმანოდ შემოგვთავაზა დახმარება და როგორც ზემოთ აღვნიშნე, 24-საათიანი რეჟიმით ჩაება ემიგრანტების სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლაში… ემიგრანტებს, რომლებსაც ამერიკის ლეგალური სტატუსის და სამედიცინო დაზღვევის უქონლობის გამო საქართველოდან უგზავნიდნენ წამლებს და ამ პანდემიის გამო აღარ მიეწოდებოდათ, რომლებიც ფაქტიურად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იდგნენ, მიშა ექიმი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უტარებდა კონსულტაციებს, უწერდა რეცეპტებს და წამლებით ამარაგებდა…
ყოველგვარი სიტყვა უძლურია იმ მადლიერების გამოსახატავად, რაც ექიმ – მაიკლ თავდის და მისი მეუღლის – ნონას მიმართ შეიძლება გამოითქვას. კრიზის ცენტრის და ჩვენთან არსებული 600 -მდე პაციენტის სახელით უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, მიშა ექიმო… ქართველი ემიგრანტების ლოცვა-კურთხევა გაგყვებათ სიცოცხლის ბოლომდე სავალ გზაზე. თქვენ უდიდესი იმედი და ხსნა იყავით ჩვენი ემიგრანტებისა, რომელსაც არავინ, არასდროს არ დაგივიწყებენ. ბედნიერი ვარ რომ ასეთი გულიანი, უანგარო და უდიდესი პროფესიონალი ექიმი ჩემი და ჩემი ოჯახის პირადი ექიმია. იცნობდეთ ამ დიდებულ პიროვნებას, ექიმ მაიკლ თავდის” – წერს ემიგრანტი თეა კანდელაკი.