“დაუკარით იმის დედა ვატირე, უპატარძლო ქორწილია,”
– მიუხედავად იმისა, უნახავს თუ არა ფილმი, ეს სიტყვები ალბათ მაინც ყველას ეცნობა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მიხეილ ჭიაურელის მიერ გადაღებულ ქართულ კინოშედევრს საფუძვლად რეალური ამბავი უდევს:
მიხეილ ჭიაურელის ლეგენდარული “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” 1965 წელს გამოვიდა და დღემდე ერთ-ერთი პოპულარული ქართული ფილმია. ავქსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით გადაღებული ფილმის მოქმედება მე-19 საუკუნის თბილისსა და მის შემოგარენში ვითარდება და მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ, მაგრამ სოფლის გაღარიბებულმა თავადმა საპატარძლო ძალით წაიყვანა.
როგორც გაზეთი “დროება” წერდა, ამგვარი ამბავი მე-19 საუკუნის თბილისში მართლაც მომხადრა:
„ერთ დიღმელ გლეხს გასათხოვარი ქალი ჰყოლია. ამ დღეებში სასიძო უპოვნია და ქორწილის დღე დანიშნული ჰქონდაო. როცა სასიძო მისულა და ყველაფერი მზათ ყოფილა საქორწილოთ, ამ დროს ადრინდელი ნაბატონარი დასცემია გლეხს თავზე, აუტეხია ერთი აყალ-მაყალი, ჩხუბი და სასიძო გაუგდია. მე უკეთესს სასიძოს ვუშოვნი შენს ქალსაო!..
ამბობენ, ამ შემთხვევაში რაღაც რომანტიული მხარე არისო. ამ საქმის თაობაზე, როგორც გვწერენ, ამ ჟამად გამოძიებაა დანიშნული“, – წერდა გაზეთი „დროება“ 1875 წელს.
თითქმის 1 წლის შემდეგ გაზეთში ამბის ვრცელი ვერსია გამოქვეყნდა, “დროებისათვის” დეტალები ბარბარე ბაბანასოვისას გაურკვევია და წერილიც გამოუქვეყნებია:
„ჩვენ მივიღეთ შემდეგი აღწერა იმ შემთხვევისა, რომელზედაც რამდენიმე სიტყვა ამას წინათაც იყო გაზეთში:
„თფილისის ახლო მდებარე ერთს სოფელში მოხდა ამ დღეებში შემდეგი შემთხვევა: აქაურს ერთს გლეხს ჰყოლია დანიშნული თავის მეზობელს ერთს მენახშირეზედ თავისი ქალი; დანიშვნის შემდეგ რამდენიმე თვის უკან, საქმროს მოუნდომებია ჯვარი დაიწეროს. ქალის მამა მივა თავის ნაბატონართან გ.შ. და მოხსენებს:
– თუ მიკადრებთ, ამეღამ ჩემს ქალს ჯვარსა ვწერო და მობრძანდითო.
– ვის მიეცი შენი ქალიო? ჰკითხავს ნაბატონარი.
გლეხიც დაუსახელებს სასიძოს.
– არ გაბედო, რო შენი ქალი იმას მისცეო, რადგან მე თითონ ფულს და კარგს მზითებს მივსცემო და კარგს ვისმე მივათხოვებო. ეუბნება ნაბატონარი.
რა საკვირველია, გლეხმა რომ ეს მოწყალების დაპირება გაიგონა, ძალიან გაეხარდა და მუხლთ მეეხვია მას.
შემდეგ ბატონი უბრძანებს გლეხს, რომ მე სანეფოზე ადრე მოვალ შენ სახლში და არამც-და-არამც კარი არ გაუღო სიძესა და მაყრებსაო, როცა ისინი მოვიდნენო.
გლეხი დაბრუნდება თავის სახლში და არაფერს შეატყობინებს თავის სასიძოს და არც უარს შეუთვლის.
სასიძო, როგორც სოფლის ადათი არის, ისე მომზადებით წამოვა სასიმამროს სახლში მაყრებით და ზურნით ჯვარის დასაწერათ და პატარძლის წამოსაყვანათ. მაგრამ სასიმამროს სახლის კარი მაგრა სოლით ჩაკეტილი დახვდებათ, გლეხის ნაბატონარიც შიგნით მოექცევა. სასიძო და მაყრები ჰკვრენ ხელს კარებს, მაგრამ კარი არ იღება, გაჰკვირდებიან, თუ რა ამბავი არისო.
ამ დროს გამოვა ნაბატონარი სახლიდან ერთი ორი კაცით და თოფებს გაასროლინებს, ქაღალდით გატენილებსა, რომ შეაშინონ მოსული ხალხი.
მაყრები და სასიძო სულ აქეთ-იქით გაიფანტებიან;
სასიძოს დაიჭერენ და მთელს ღამეს კედელზედ მიაკრამენ. თუმცა ის იძახის: რა დამიშავებიაო, რომ ესე უღმერთოთ მტანჯავთო; არ გინდათ, ქალს ნუ მომცემთო! მაგრამ ვინ გაუგონებს.
მეორეს დღეს ამ საწყალს კაცს განათავისუფლებენ და სასამართლოში წამოიყვანენ დასასჯელათ, ამიტომ რომ სახლში მოგვიხტაო. სასამართლო გამოიძიებს ამის დანაშაულობებს და რასაკვირველია, გაამართლებს.
შემდეგ უფალი ნაბატონარი დაბრუნდება სოფლად და თავის ნაყმევს ეტყვის:
– მე მსურდა და მსურსო შენი ქალის ცოლათ შერთვაო; ეს ამბები ამისთვის მოვახდინეო; ნება მომეციო, იმაზედ ჯვარი დავიწეროო.
რასაკვირველია, გლეხი ნებას მიცემს და უფალი ნაბატონარი ჯვარს დაიწერს და მოყვრათ გაუხდება ამ გლეხს“, – ბარბარე ბაბანასოვისა, გაზეთი „დროება“, 1876 წ.
წყარო: მადათოვი